პორტუგალიური დუეტი - ჟოზე ძველ ნაცნობს დაუკავშირდა
ჟოზე მოურინიოს „რეალში“ დაბრუნების ამბავი ჯერჯერობით საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, თუმცა ეს ყველაფერი რომ უბრალოდ დროის ამბავია, ყველამ კარგად იცის. ამის მიზეზი მარტივია - სამეფო კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ფლორენტინო პერესმა გაიმარჯვა, რომელიც ამბობდა, რომ მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სწორედ მოურინიოს დააბრუნებდა.
სანამ მას ნაცნობ ადგილას დააბრუნებენ, 63 წლის ჟოზე სამწვრთნელო შტაბს აკომპლექტებს და როგორც მადრიდული გამოცემები იტყობინებიან, მისი სტაფის ერთ-ერთი წევრი ბლანკოსის ყოფილი მცველი პეპე იქნება. 43 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს და სავარაუდოდ ამ ყველაფერზე უარს არ იტყვის. ყველას კარგად ახსოვს, როგორ აგრესიულ ფეხბურთს ანიჭებდა უპირატესობა „კლასიკოებში“ მოურინიო „ბარსელონას“ წინააღმდეგ და მისი გეგმის მთავარი შემსრულებელი სწორედ პეპე გახლდათ.
ცნობისათვის, პეპე მადრიდის „რეალში“ 2007-2017 წლებში ასპარეზობდა და 10 წლის განმავლობაში 14 ჯილდო მოიგო, აქედან სამჯერ ლა ლიგა და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.