„პიმბლეტი პატარა სოსისია, გეიჯი ამ სპორტის ლეგენდაა“ | ილია თოფურია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ მომდევნო მეტოქეზე, ჯასტინ გეიჯიზე ისაუბრა და ამერიკელის ყოფილ მოწინააღმდეგეს, პედი პიმბლეტს „პატარა სოსისი“ უწოდა.
„საკუთარ თავში დარწმუნებული რომ არ ვიყო, „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე საერთოდ არ ვიჩხუბებდი. მჯერა, რომ გავიმარჯვებ და ეჭვი არ მეპარება, რომ სანახაობრივ სტილში მოვიგებ. ბედნიერი ვარ, რომ გეიჯის მსგავსი მეტოქე მყავს. ის ამ სპორტის ლეგენდაა და ერთი სული მაქვს, მასთან ოქტაგონს როდის გავიყოფ. ვიცი, რომ გულშემატკივრებისთვის ძალიან სანახაობრივი ორთაბრძოლა იქნება და იმედი მაქვს, ისინი სიამოვნებას მიიღებენ.
როგორ წარიმართება ჩემი და გეიჯის ჩხუბი? თუ ჯასტინმა უკან არ დაიხია და წინ წამოვიდა, პირველ რაუნდში დავანოკაუტებ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ოქტაგონში ჩემს უნარებთან გამკლავება არავის შეუძლია, რის გამოც საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებულ და ქედმაღალ ადამიანს მიწოდებენ. თუ ასეა, დამიმტკიცეთ, რომ ვცდები! ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ ვცდები.
პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა? იყო მომენტი, როდესაც პედის ვქომაგობდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემი და მისი ჩხუბი უფრო მასშტაბური მოვლენა იქნებოდა, თუმცა უმიზეზოდ არაფერი ხდება. გამიკვირდა, გეიჯიმ რომ მოიგო და გამაკვირვა იმან, რეალურად რა ცუდი მებრძოლი აღმოჩნდა პედი.
ველოდებოდი, რომ პიმბლეტი გაიმარჯვებდა. მეგონა, ჯასტინს პარტერში გადაიყვანდა და სხვანაირად იჩხუბებდა. ოქტაგონში პედის ქმედებებმა გამაკვირვა და მან დაამტკიცა, რომ პატარა „სოსისია“. რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ ღირსეულად დაბრუნება შეუძლია, მაგრამ უნარებსა და ტექნიკას როგორ შეიძენს? ეს შეუძლებელია. უნდა მოკვდეს და თავიდან დაიბადოს, რათა ეს გააკეთოს. პიმბლეტი ჩემს ჰორიზონტზე აღარც ჩანს, ძალიან უკანაა. ნახვამდის პედი“
შეგახსენებთ, რომ გეიჯიმ პედი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსუბუქი წონის დროებითი ქამრის მფლობელი გახდა. მისი და ილიას ორთაბრძოლა თბილისის დროით, 15 ივნისს გაიმართება.