„ვარსკვლავიცაა და მოყვარული ფეხბურთელიც“ - ვან დერ ვაარტმა დემბელე გააკრიტიკა
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან (0:2) უშანსოდ დამარცხების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს ბევრი ჟურნალისტი, საფეხბურთო ექსპერტი, თუ ვეტერანი მოთამაშე აკრიტიკებს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ. ნახევარფინალურ სტადიამდე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშით, „სამფეროვნებმა“ თამასა იმდენად მაღლა ასწიეს, რომ მათგან ყველა მსოფლიოს ჩემპიონობას ელოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათი მაქსიმუმი ბრინჯაოს მედლები ყოფილა, რომლის მოსაპოვებლადაც ჯერ კიდევ ბრძოლა მოუწევთ. ფრანგების მარცხზე კომენტარი წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა გააკეთა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება უსმან დემბელეს სუსტ ასპარეზობაზე გაამახვილა.
რაფაელ ვან დერ ვაარტი
საფრანგეთი-ესპანეთის მატჩი ძალიან მომეწონა და ესპანელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. მათ ითამაშეს ისე, როგორც მთელი ტურნირი თამაშობდნენ - ბურთზე მაქსიმალური კონტროლი და ინიციატივის ბოლომდე ხელში ჩაგდება, რითაც ფრანგები პრაქტიკულად მთელი თამაში უბურთოდ დატოვეს. „ფურია როხას“ ბევრი მომენტი არ ჰქონია, მაგრამ ამ გუნდის შესრულებით რამდენიმე კარგი შეტევა ვნახეთ.
რაბიოს ალბათ საკუთარი თავი კარუსელზე ეგონა და მის მსგავსად თავს ბევრი მისი თანაგუნდელი იგრძნობდა. რაც შეეხება უსმან დემბელეს, ის ხან მსოფლიო დონის ფეხბურთელივით თამაშობს, ხან კი მოყვარული მგონია, მესამე დონე მისთვის არ არსებობს“.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტის მშობლიური ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგებზე გაცილებით ადრე, 1/16-ფინალურ ეტაპზე, მაროკოსთან 11-მეტრიანების სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ გამოეთიშა. მაროკოელებმა კი ტურნირი თავის მხრივ სწორედ ფრანგებთან უშანსო წაგებით დაასრულეს.