რატომ არ ჩაინიშნა მახაჩევთან ბრძოლა | როგორ აპირებს ილია მსოფლიოს შოკში ჩაგდებას
ილია თოფურია არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე ისაუბრა, განაცხადა, რომ მისი სურვილი ისლამ მახაჩევთან ჩხუბი იყო და დასძინა, რომ მას საბმიშენით დაამარცხებს.
ჰელვანი: „ისლამ მახაჩევთან რომ გეჩხუბა, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი უნდა დაგეთმო?“
„არა. საჩემპიონო ქამარს არ დამათმობინებდნენ. რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც ქვემსუბუქ წონაში ვჩხუბობდი. UFC-ს ძალიან გულახდილად ვესაუბრე. ვუთხარი, რომ მსუბუქ წონაში გადასვლა მინდოდა და ტიტულის დათმობას ვაპირებდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ქვემსუბუქში არასდროს დავბრუნდებოდი. ქვესაშუალო წონაში რომ ავიდე, საერთოდ სხვანაირი ვითარება იქნება, რადგან შემდეგ მსუბუქში დაბრუნებას ვგეგმავ.“
ჰელვანი: „რა მოხდა რეალურად? რატომ არ ჩაინიშნა შენი და ისლამის ჩხუბი „თეთრ სახლში“?“
„არ ვიცი, დეტალურად რა მოხდა. ვიცი, რომ როდესაც პირველი სატელეფონო ზარი მივიღე, ორი ვარიანტი მქონდა: ისლამ მახაჩევი და ჯასტინ გეიჯი. მახაჩევი ავირჩიეთ, მაგრამ ღონისძიების ბრძოლების ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, შუაღამეს დამირეკეს, გამაღვიძეს და მითხრეს, რომ ისლამმა ხელის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც გეიჯის ვარიანტი დარჩა. ესაა ყველაფერი, რაც პირადად ვიცი. ჩემი იდეალური სცენარი მსუბუქი წონის ტიტულის დაცვა და შემდეგ ქვესაშუალო წონაში მესამე საჩემპიონო ქამრის მოპოვებაა, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება.“
ჰელვანი: „როგორ წარიმართებოდა შენი და ისლამის ორთაბრძოლა?“
„როდესაც ორთაბრძოლის შანსს ვიღებ, ყოველთვის ვფიქრობ, რა შემიძლია გავაკეთო, რათა მსოფლიო შოკში ჩავაგდო. ისლამთან მიმართებით, მსოფლიოს შოკში ჩასაგდებად მისი საბმიშენით დამარცხებაა საჭირო. ჩემი აზრით, სწორედ ეს მოხდება. პარტერში გადავიყვან და საბმიშენით მოვუგებ. ვიცი, რომ შეიძლება, ეს უცნაურად ჟღერდეს და გიჩნდებოდეს შეკითხვა — ამას როგორ ვიზამ, მაგრამ არ გაგიკვირდეს, როდესაც ეს მოხდება. მახაჩევი მაგარია, ვოლკიც მაგარია, ჩარლზიც მაგარია, ჯასტინიც მაგარია, მაქსიც მაგარია, მაგრამ მე საერთოდ სხვა დონე ვარ.“
შეგახსენებთ, რომ მახაჩევს განსხვავებული ვერსია აქვს, რის გამოც მისი და ილიას ორთაბრძოლის ჩანიშვნა ვერ მოხერხდა. ისლამის მიხედვით, თოფურიამ ჩხუბის სანაცვლოდ დიდი ჰონორარი მოითხოვა და მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო.