სერია A-ს ფეხბურთელები პროსტიტუციის ქსელის კლიენტები იყვნენ | სკანდალი იტალიაში
იტალიის ფინანსურმა პოლიციამ, Guardia di Finanza-მ, გამოააშკარავა და დაშალა ქსელი, რომელსაც ბრალად პროსტიტუციისა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება ედება. ისინი ემსახურებოდნენ მაღალი დონის ფეხბურთელებსა და სპორტსმენებს, რომელთა შორისაც სერია A-ს წარმომადგენლები არიან.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლიენტთა შორის სერია A-ს 50 ფეხბურთელია დასახელებული და მათ შორის „მილანისა“ და „ინტერის“ მოთამაშეებიც არიან. გამოძიებაში აღნიშნულია, რომ კლიენტთან ინტიმური კავშირის შემდეგ ერთ-ერთი ქალბატონი დაორსულდა კიდეც.
ოპერაციის შედეგად ოთხი ადამიანია დაპატიმრებული და მათ შინაპატიმრობა შეეფარდათ. ისინი ბრალდებული არიან პროსტიტუციის ორგანიზებასა და ფულის გათეთრებაში. Guardia di Finanza-ს წარმომადგენლის თქმით, არის შანსი, კლიენტთა შორის მდიდარი ადამიანებიც იყვნენ და არა მხოლოდ ფეხბურთელები და სპორტსმენები.
La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, ამ ეტაპზე კლიენტებთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან ყველაფერი ქალბატონების თანხმობით ხდებოდა და ძალადობის კვალი არ აღმოჩენილა. თუმცა, Guardia di Finanza-მ დასძინა, რომ დიდი შანსია, გამოძიება კლიენტებზეც დაიწყოს.
ოპერაცია მოიცავდა რამდენიმე ობიექტის ჩხრეკას და 1.2 მილიონ ევროზე მეტი თანხის ამოღებას, რომელიც უკანონო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენდა. გამოძიების მიხედვით, ქსელის ხელმძღვანელები კლიენტებს პაკეტებს რამდენიმე ათას ევროდ სთავაზობდნენ, რაც მოიცავდა ვახშმებს მილანის ელიტურ ღამის დაწესებულებებში, მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსებას და ქალბატონებთან ინტიმურ ურთიერთობას.
გამოძიების მიხედვით, ქსელი მოქმედებდა ღონისძიებების დამგეგმავი სააგენტოს ფასადის ქვეშ, რომელიც მილანის მეტროპოლიტენურ ზონაში იყო დაფუძნებული და წლების განმავლობაში აწყობდა წვეულებებს კლუბებსა და სხვა დაწესებულებებში. პარალელურად კი ქალბატონებს არჩევდნენ, რათა ისინი პროსტიტუციის ქსელში ჩაერთოთ და ესკორტ-სერვისში ემუშავათ. ახალგაზრდა ქალბატონებს სააგენტოსთან დაკავშირებულ შენობებში ათავსებდნენ და კლიენტებისთვის მომსახურების გაწევის შემდეგ მათ ფულს უხდიდნენ.