გამოავლინე 2025 წლის საუკეთესო ძიუდოისტები - IJF-ზე ხმის მიცემა დაიწყო
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2025 წლის საუკეთესო ძიუდოისტებისა და მომენტების გამოვლენაზე ხმის მიცემა დაიწყო, რომელშიც ბუნებრივია, მონაწილეობას ქართველი ძიუდოისტებიც იღებენ.
ქართველი ჯუდოკებიდან ნომინაციებში ყველაზე მეტჯერ ეთერ ლიპარტელიანი არის წარმოდგენილი, რომელმაც 2025 წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო და ასევე, შერეულ გუნდურ ჩათვლაშიც გახდა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.
ეთერ ლიპარტელიანი მონაწილეობას იღებს წლის მომენტის ნომინაციაში, წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტის ნომინაციაში და წლის საუკეთესო იპონის ნომინაციაში.
ასევე, ჩვენი დელეგაცია წარმოდგენილია წლის საუკეთესო სამწვრთნელო მიღწევის ნომინაციაშიც, რაც ბუნებირივა შერეულ გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული ჩემპიონობით არის განპირობებული.
სამწუხაროდ, საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ნომინაციაზე წელს წარმომადგენელი არ გვეყოლება, თუმცა ვაჟებიდან ერთი სპორტსმენი მაინც იქნება წარდგენილი ერთ ნომინაციაზე. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ თუშიშვილი გამოკითხვაში წლის საუკეთესო იპონის ავტორობისთვის იბრძოლებს. შესაბამისად, ამ კატეგორიაში გურამ თუშიშვილი და ეთერ ლიპარტელიანი კონკურენტებიც გამოდიან.
ყველა გულშემატკივარს ხმის მიცემა ამ ბმულის მეშვეობით შეუძლია - https://judotv.com/awards თუმცა, ხმის მისაცევად ჯერ საიტზე უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.