კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ისინიც იმავეს მოისურვებენ - რეალი ვინისიუსის გამო სახელფასო იერარქიის შეცვლას არ აპირებს

მადრიდული AS-ის ცნობით, კლუბი ბრაზილიელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, თუმცა საგრძნობი ხელფასის მატება არ სურთ.

ამჟამინდელი ხელშეკრულებით, რომელიც 2027 წლამდეა გათვლილი, ვინისიუსი წელიწადში საშუალოდ 15 მილიონ ევროს იღებს (სუფთა თანხა, გადასახადების გადახდის შემდგომ). კონტრაქტს პროგრესული ხასიათი აქვს - თანხა წლების მიხედვით იზრდება, მთლიანობაში კი ფეხბურთელი ხუთ სეზონში 150 მილიონს გამოიმუშავებს.

დამატებით, „The Best“-ის დაჯილდოებაზე გამარჯვებამ ბრაზილიელს კიდევ 2 მილიონი მოუტანა (წლიურად).

წყაროს ინფორმაციით, „რეალი“ მზად არ არის შიდა სახელფასო იერარქია მხოლოდ ვინისიუსის გამო დაარღვიოს. კლუბი ერიდება კილიან მბაპესთან და ჯუდ ბელინგემთან შესაძლო უთანხმოებას. თუ ბრაზილიელს ახალ კონტრაქტში ანაზღაურების სახით სუფთად 15 მილიონზე მეტი ექნება, ის მბაპეზე მეტს გამოიმუშავებს, რაც კლუბში შიშს იწვევს, რომ ფრანგიც და ინგლისელიც ხელფასის მომატებას მოითხოვენ.

თუმცა ვინისიუსის გარემოცვა თვლის, რომ მბაპეს ტრანსფერზე მიღებული ხელმოწერის ბონუსი, რეალურად ფარულ ხელფასად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ამ თანხას კონტრაქტის 5-წლიან ვადაზე გავყოფთ.

წყარო აღნიშნავს, რომ ვინისიუსს მადრიდში დარჩენა სურს, თუმცა საკუთარი მიღწევების შესაბამის ანაზღაურებას ელოდება. მან სერიოზულად არც კი განიხილა საუდის არაბეთიდან მიღებული წინადადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები