ყველაფრისთვის მზად ვართ | კორღალიძემ ლევადიასთან მატჩის წინ ისაუბრა
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლევადია’’ საქართველოს ჩემპიონ „იბერიას’’ მიიღებს. თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ტალინს კარგად იცნობს, წლების განმავლობაში რიგის „სკონტოში’’ თამაშობდა (1999-2005). ასევე, მისმა მამამ, ოთარ კორღალიძემ 1996 წელს ტალინის „ფლორაში’’ ითამაშა.
ლევან კორღალიძე: „წილისყრის შემდეგ „ლევადიაზე’’ ბევრი არაფერი ვიცოდით, მაგრამ ახლა უკვე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ, ვეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ. ფიზიკურად ხვალ ძალიან რთული თამაში იქნება, რადგან „ლევადია’’ ძლიერი და კარგად დაბალანსებული გუნდია. ყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა თუ ვინ გავა შემდეგ ეტაპზე, ეს ორი მატჩის ჯამში გადაწყდება’’.
კორღალიძეს ჰკითხეს, მეორე მატჩის ჩატარება მისთვის რამდენად კარგი ვარიანტია. ამასთან დაკავშირებით ლევანმა მოკლე კომენტარი გააკთა:„ვფიქრობ, ეს ჩვენთვის კარგია''.
ქართველმა სპეციალისტმა „ლევადიადან'' ორი მოთამაშე გამოარჩია, 23 წლის ბრაზილიელი მარჯვენა გარემარბი ჟოაუ პედრუ და 27 წლის განელი მარცხენა გარემარბი ერნესტ აგირი: „პედრო კარგად მოძრაობს, ტექნიკურია და მომენტების რეალიზაციას ახერხებს''.
საქართველოს ჩემპიონი „იბერია'' ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმიოსთან'' დიდი ანგარიშით დამარცხდა, კონფერენს ლიგაზე გადაერთო და მეორე ეტაპზე მისი მეტოქე ესტონეთის ჩემპიონი „ლევადიაა'', რომელსაც „ვალენსიას'' ყოფილი ფეხბურთელი კურო ტორესი წვრთნის. „ლევადია'' ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა ოდიშარიას რფს-თან დამარცხდა. „ლევადიასა'' და „იბერიას'' შორის პირველი შეხვედრა ტალინში 23 ივლისს გაიმართება, თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.