ატალანტა ზურიკოს ვარიანტს მიუბრუნდა | რა დაიწერა იტალიურ პრესაში
„ატალანტას“ „ლევერკუზენის“ დაყოლიება არ გამოსდის და კერიმ ალაიბეგოვიჩის ტრანსფერს ვერ ხურავს. გერმანულმა კლუბმა ბოსნია-ჰერცეგოვინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვა, რასაც ბონუსები უნდა დაემატოს, ეს თანხა კი ბერგამოელებისთვის ძალიან მაღალია.
ავტორიტეტული იტალიური გაზეთის, Corriere della Sera-ს ინფორმაციით, „ატალანტა“ ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო. ერთ-ერთი მათგანი ზურიკო დავითაშვილია. ქართველი ფეხბურთელი „ლა დეას“ ყურადღების ცენტრში აქამდეც იყო და ბერგამოელებმა „სენტ-ეტიენს“ წინადადებით მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.
Corriere della Sera-ს მიხედვით, „ატალანტას“ სურდა გაეგო, „ლევერკუზენს“ ალაიბეგოვიჩის თაობაზე რა პოზიცია ჰქონდა. გერმანელთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, „ლა დეამ“ აქცენტი დავითაშვილზე გადაიტანა და ფეხბურთელთან პირველი კონტაქტიც დაამყარა.
ცნობისთვის, იტალიელებმა დავითაშვილის სანაცვლოდ „სენტ-ეტიენს“ 12 მილიონი ევრო შესთავაზეს. „მწვანეებს“ ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონის მიღება სურთ. „ატალანტას“ გარდა, დავითაშვილის დამატებით კიდევ რამდენიმე გუნდი ინტერესდება, რომელთა შორის ყველაზე აქტიურად „ოლიმპიაკოსზე“ იწერება.