რატომ არ შედგა გაგუას ტრანსფერი კვიპროსზე? - ფორვარდი სლოვაკეთში ითამაშებს
ხორვატიული „ისტრას’’ ქართველი ფორვარდი გიორგი გაგუა ლიმასოლის აელ-ში ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ, ფეხბურთელი კლუბს უფასოდ დატოვებდა და კარიერას კვიპროსზე გააგრძელებდა, ყოფილ მწვრთნელ პაოლო ტრამეცანისთან იმუშავებდა. გაგუას წაყვანის ინიციატორი ტრამეცანი იყო, გასულ სეზონში „ისტრაში'' ერთად მუშაობდნენ.
CrystalSport-ის ინფორმაციით, „ისტრა’’ ფეხბურთელის აელ-ში გადასვლის წინააღმდეგ წავიდა, რადგან საქმეში „დუნაისკა სტრედა’’ ჩაერთო, სლოვაკურმა გუნდმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 000 ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა, რაც „ისტრასთვის’’ ფინანსურად მიმზიდველი ვარიანტი იყო. გაგუა აელ-ში უფასოდ მიდიოდა, „დუნაისკა სტრედა'' სატრანსფერო თანხას იხდიდა და ამიტომ ხორვატიულმა კლუბმა უპირატესობა სლოვაკურ ვარიანტს მიანიჭა. ასევე უნდა ითქვას, რომ „დუნაისკა სტრედას'' საქმეში ჩართვამდე „ისტრასთან'' შეთანხმება არსებობდა, ფეხბურთელი აელ-ში მიდიოდა, თუმცა სარფიანმა წინადადებამ ვითარება შეცვალა. ფეხბურთელის „დუნაისკა სტრედაში'' გადასვლის თაობაზე ინფორმაცია Geo Team-მა ექსკლუზიურად გაავრცელა.
გაგუას სლოვაკურ კლუბში ადაპტაცია უნდა გაუადვილდეს, რადგან ცოტნე კაპანაძე დახვდება, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა და დამკვიდრება მალე მოახერხა.
ასევე გეტყვით, რომ გაგუა სლოვაკეთში ტრანსფერთან 2023 წლის ზაფხულში ახლოს იყო, მისი დამატება „სლოვანს'' სურდა, თუმცა შემდეგ სლოვაკურმა გუნდმა უკან დაიხია.
გასულ სეზონში გაგუამ ხორვატიის ჩემპიონატში „ისტრას'' რიგებში 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. გაგუა მაღალი (1,93 მ.) და ფიზიკურად ძლიერი ფორვარდია. სლოვაკურ ძალისმიერ ლიგაში ადაპტირება არ უნდა გაუჭირდეს. მთავარია შედეგიანობის კუთხით მოუმატოს, რადგან ცენტრფორვარდს ნაკრებში დამკვიდრებისთვის თუ შემდგომი კარიერული პროგრესისთვის უფრო მეტი გოლის გატანა სჭირდება.
23 წლის ფორვარდს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ივნისში ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა არ ათამაშა.