კონტრაქტს მალე გააფორმებს | ლევან შენგელია დინამო ბათუმში ითამაშებს
ლევან შენგელია Crystalbet ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. Crystalsport-ის ინფორმაციით, შენგელია ბათუმის „დინამოს“ შეუერთდება და აჭარულ კლუბთან 2.5 წელიწადზე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს.
შენგელია უახლოეს დღეებში ბათუმში ჩავა და ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცემა. ამ მომენტისთვის, ლევანი მკურნალობას გადის. მას გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ფორმაში ჩადგეს და სათამაშოდ მზად იყოს.
შენგელია ბოლოს საბერძნეთში ასპარეზობდა და „ოფის“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში, ლევანმა და მისმა თანაგუნდელებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და საბერძნეთის თასი მოიგეს. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ძირითად დროში გატანილი ორივე გოლი შენგელიას აქტიურობას მოჰყვა, პირველი დამატებითი დროის მიწურულს კი მისი აქტიურობის შემდეგ პაოკ-ის მოთამაშეს ბურთი ხელზე მოხვდა, პენალტი დაინიშნა, რომელიც შენგელიას გუნდმა გოლად აქცია.
ცნობისთვის, შენგელია „ოფიში“ 2024 წლიდან თამაშობდა. 75 მატჩში მის ანგარიშზე 6 გოლი და 13 საგოლე პასია. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 700 000 ევროა.