,,ენის ბარიერის გამო სიტუაციის ადეკვატურად შეფასება გაუჭირდა" - გამოხმაურება ლეგიონერის კომენტარზე
რამდენიმე დღის წინ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდის, სამტრედიას ყოფილი თავდამსხმელი, ნიკოლა პრელჩეცი ხორვატიულ მედიასთან საქართველოში გატარებულ პერიოდს იხსენებდა. 32 წლის ფეხბურთელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს რანგით უმაღლესი ლიგა არც ისე სუსტია, პრობლემა კი ძირითადად, ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომას უკავშირდებოდა:
ინტერვიუში ვკითხულობდით:
რაბოტჩნიკთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამტრედია ჩემი ყოფილი მწვრთნელის დახმარებით დამიკავშირდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გავაფორმეთ. საქართველოში საფეხბურთო სეზონი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით მიმდინარეობს, ამიტომ ისე მოხდა, რომ ახალ კლუბს სეზონის განახლებამდე 1 კვირით ადრე შევუერთდი. მაშინ სამტრედია არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში იყო, მაგრამ კლუბის გაძლიერებასა და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდა. სხვათა შორის, რამდენიმე ფეხბურთელი იყო, ვინც ხორვატიის ჩემპიონატს კარგად იცნობდა, მაგალითად, გიორგი ილურიძე., რომელიც სპლიტის ჰაიდუკში თამაშობდა.
პირადად მე, ამ ქვეყანაში მოთამაშე ფეხბურთელების მენტალიტეტი ვერ გავიგე. მათ მარცხი ან დაქვეითების საშიშროება არ ადარდებდათ. ისინი ფეხბურთს როგორც სამსახურს, ასე უყურებდნენ. ჩემს გარდა სამტრედიაში ლეგიონერი სერბეთიდან იყო, მხოლოდ ჩვენ განვიცდიდით გუნდის წარუმატებლობას, დანარჩენებს კი ემოციები არ გააჩნდათ. ეს ჩემთვის გაუგებარი, სამტრედიას დანარჩენი ფეხბურთელებისთვის კი სრულიად ნორმალური იყო.
მიუხედავად იმის, რომ ნახევარი სეზონი ვითამაშე, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი. ჩვენი ურთიერთობა აღარ გაგრძელდა, რადგან შეთანხმების მიხედვით, სამტრედიაში ჩემი კონტრაქტი ამოიწურა, გაგრძლება კი აღარ მსურდა - ეს გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა.
ჩემპიონატის ხარისხი გამიკვირდა. გამიკვირდა ის, რომ ინფრასტრუქტურაში თანხების ინვესტირება ხდებოდა. სტადიონები კარგია და ტექნიკურად არც ისე სუსტი ჩემპიონატია, თუმცა ტაქტიკურად ჩამორჩებიან. მწვრთნელის მოთხოვნები ცოტა უცნაური და სრულიად ალოგიკურია, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, ვინც დასავლეთიდან მოვდივართ.
საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის დინამო ძლიერია. ვფიქრობ, ბათუმი ხორვატიის ჩემპიონატში ცხრილის ზედა ნაწილში იქნებოდა. ზოგადად, ლიგა არც ისე ცუდია, როგორც შეიძლება შორიდან ჩანდეს. მაყურებელს კი ვერ შევაფასებ, რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით, მოედნებზე დასწრება შეზღუდული იყო.
ბუნებრივია, არსებული სიტუაციით CrystalSport-ი დაინტერესდა და გივი იოსელიანს დაუკავშირდა. ხორვატი ფეხბურთელის ინტერვიუს შესახებ სამტრედიას ყოფილ კაპიტანს ვკითხეთ:
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მისი ეს კომენტარი გაუგებარია. მას ენის მხრივ პრობლემები ჰქონდა, რადგან არცერთი საერთაშორისო ენა კარგად არ იცოდა, რაც მასთან კომუნიკაციაში უკეთესად დაგვეხმარებოდა. ამის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობდით თავი კომფორტულად ეგრძნო, ერთმანეთს გვერდში ვედექით და ისიც ჩვენთან ერთად იზიარებდა როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობასაც.
ვფიქრობ, რომ ენის ბარიერის გამო სიტუაციის ადეკვატურად შეფასება გაუჭირდა. მის ამ კომენტარს სწორედ ამით ავხსნიდი, სხვა შემთხვევაში ეს შეფასება აბსურდია, ნამდვილად ვერ მივუღებ და ვერ დავეთანხმები. ამ წარუმატებლობის შედეგს დღემდე ვიმკით. რთულ სიტუაციაში ზუსტად ვიაზრებდით გუნდის წარუმატებლობა რა შედეგს მოიტანდა როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ოჯახებისათვის. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ეს არ გვანაღვლებდეს.
ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მსურს. თუ ოდესმე შეხვედრა კიდევ მოგვიწევს, აუცილებლად ვკითხავ რა იგულისხმა ამ ინტერვიუში. შესაძლოა, ის უბრალოდ უკმაყოფილოა კარიერის ამ მომენტით და შესაბამისად, მიზეზს სხვაში ეძებს, რაც მის სიძლიერეზე ნამდვილად არ მიუთითებს.
ნიკოლა პრელჩეცი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში სამტრედიას მაისურით 11 მატჩში გამოჩნდა. მის ანგარიშზე 4 გოლია.
რაც შეეხება სამტრედიას, გუნდი გამოკვეთილი აუტსაიდერი იყო და საბოლოოდ, რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო. ჩატარებული 36 მატჩიდან სამტრედიამ მხოლოდ 5 მოიგო.
მასალაში გამოყენებულია საფეხბურთო კლუბ სამტრედიას ფოტოები