ტრავმა მოირჩინა | საზონოვმა ტორინოში სამედიცინო შემოწმება გაიარა
Toro Goal-ის ინფორმაციით, საბა საზონოვმა მარჯვენა ფეხზე მენისკის ტრავმა მოირჩინა და „ტორინოში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა.
გასული სეზონის შემდეგ „ტორინოდან“ პაოლო ვანოლი წავიდა, რომელიც მარკო ბარონიმ შეცვალა. საბა ახალი სეზონისთვის მზადებას ბარონის ხელმძღვანელობით დაიწყებს და პროცესში გაირკვევა, ტურინულ კლუბში დარჩება თუ კვლავ გაანათხოვრებენ.
საზონოვმა ტრავმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საფრანგეთის წინააღმდეგ მიიღო. Tuttosport-ის ცნობით, ბუნდესლიგა 2-ის „კაიზერსლაუტერნს“ საბა საზონოვის დამატება სურდა და ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში იყო. მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ გერმანულმა კლუბმა მოლაპარაკებები შეწყვიტა და ტრანსფერი ჩაიშალა.
საბა „ზენიტის“ აღზრდილია. 2023 წლის ზაფხულში მოსკოვის „დინამოდან“ „ტორინოში“ გადავიდა, თუმცა ტურინულ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რის გამოც „ემპოლიში“ გაანათხოვრეს. 23 წლის ცენტრალურ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.