სათამაშო სტილი, ახალი კლუბი და მოლოდინები | ლოჩოშვილის ინტერვიუ
ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნის“ ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და შეკითხვებს უპასუხა.
ლუკა, კეთილი იყოს შენი მობრძანება კიოლნში და „კიოლნში“. როგორ გრძნობ თავს ტრანსფერის შემდეგ?
„თავს კარგად ვგრძნობ და ძალიან პოზიტიურ განწყობაზე ვარ. მოხარული ვარ ამ ტრანსფერით და ახალ გამოწვევას მოუთმენლად ველოდები.“
გასულ სეზონში „ნიურნბერგის“ შემადგენლობაში მეორე ბუნდესლიგაში 33 მატჩი ჩაატარე და მხოლოდ ერთი გამოტოვე. საიდან მოდის ეს სტაბილურობა?
„ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვიყო. ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობ, როგორც გუნდთან ერთად, ასევე ინდივიდუალურად. ეს არის მიზეზი, რის გამოც სტაბილურად ვთამაშობ და მინდა, ეს აქაც გავაგრძელო.“
როგორ აღწერდი შენს სათამაშო სტილს?
„აგრესიული ფეხბურთელი ვარ და მიყვარს ორთაბრძოლები და ერთი ერთზე თამაში. ასევე მსიამოვნებს ბურთით თამაში და დრიბლინგი. თუმცა ყველაზე კომფორტულად თავს ორთაბრძოლებისას და დაცვაში ვგრძნობ.“
შენი თავდაცვითი თვისებების გარდა, გასულ სეზონში ხუთი გოლიც გაიტანე. რას უნდა ელოდონ გულშემატკივრები?
„კარგი სეზონი იყო და მჯერა, რომ ჩემი სიმაღლის წყალობით, სტანდარტული სიტუაციების დროს შეტევაში სახიფათო შემიძლია ვიყო. იმედია, ამას კიოლნშიც ვაჩვენებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფანებმა და კლუბმა ჩემით იამაყონ.“
როგორც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს კიოლნის სტადიონზე გითამაშია. რა მოგონებები გაკავშირებს ამასთან?
„ძალიან სასიამოვნო, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავედით. თავად სტადიონიც განსაკუთრებულ მოგონებად დამრჩა. ახლა მოუთმენლად ველი აქ, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს.“
იყო თუ არა სტადიონი ერთ-ერთი ფაქტორი კიოლნში გადმოსვლის გადაწყვეტილების მიღებისას?
„რა თქმა უნდა. ბევრი მსმენია ფანებზე, სტადიონზე, ქალაქსა და იმაზე, თუ როგორ უყვართ აქ ფეხბურთი. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც „კიოლნი“ ავირჩიე, სწორედ ესაა. მინდა გულშემატკივრებს ვუჩვენო, რომ ჩემი ადგილი აქ არის და ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ.“
კარიერის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში გითამაშია. რა გავლენა იქონია ამ გამოცდილებამ?
„რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას განსხვავებული კულტურა და ფეხბურთის განსხვავებული სტილი აქვს. მითამაშია ავსტრიასა და იტალიაში — ორ სრულიად განსხვავებულ ლიგაში. გერმანული ფეხბურთი ფიზიკური და ინტენსიურია, რაც მომწონს. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თამაშის გერმანულ სტილთან.“
რისთვის ემზადები მეორე დივიზიონიდან ბუნდესლიგაში გადასვლისას?
„მოუთმენლად ველი ამას. ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ასპარეზობა მსიამოვნებს. რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო მოტივირებული ვარ. მზად ვარ ამ გამოწვევისთვის.“
როგორ დაგახასიათებდნენ თანაგუნდელები, როგორც ფეხბურთელს და როგორც პიროვნებას?
„ვფიქრობ, იტყოდნენ, რომ კარგი და ძალიან თავმდაბალი ადამიანი ვარ. თუმცა მოედანზე ასევე ლიდერი ვარ, მიყვარს აგრესიულად თამაში და მენტალურად ძლიერი ვარ.“
ცნობისთვის, გასულ სეზონში ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ ღირსებას იცავდა და მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 5 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.