მეორე გამარჯვება | კსუ-მ ნორვეგიული უტლეირა 3:1 დაამარცხა
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი გამართა. საქართველოს ჩემპიონი ნორვეგიულ „უტლეირას“ დაუპირისპირდა და 3:1 მოიგო.
შეხვედრაში ანგარიში „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ გახსნა და ნორვეგიელთა კარი ქართული კლუბის მეკარემ, ალი ასლანიმ აიღო. 5 წუთში თავი რონინიომ გამოიჩინა და „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.
მეორე ნახევარში ქართული კლუბის უპირატესობა სამბურთიანი გახდა და მესამე გოლი ჯანიკო გიორგაიამ გაიტანა. „უტლეირას“ მაქსიმუმი ჩამორჩენის შემცირება აღმოჩნდა და სკანდინავიელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს.
ცნობისთვის, ორი ტურის შემდეგ „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ბოლო ტურში ქართული კლუბი „ბუბა მარას“ დაუპირისპირდება და სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება ძირითად ეტაპზე რომელი გუნდი იასპარეზებს.
კსუ-ს შემადგენლობა: ასლანი, ჩიმაკაძე, გიორგაია, კეკელია, რონინიო, გოგსაძე, ლუკავა, ქურცაძე, მაჩიტიძე, მანგოშვილი, ჭუმბურიძე, ქურცაძე, ხარატიშვილი, აჭარაძე. მწვრთნელი: ლევან კობაიძე.