ხულიან ალვარესი
Aa
Aa

არსენალი მზადაა ატლეტიკოს მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს, თუმცა...

„ატლეტიკომ“ „არსენალს“ აცნობა, თუ რა თანხის მიღება სურს ხულიან ალვარესის სანაცვლოდ.

დღეს „ატლეტიკომ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 26 წლის არგენტინელს „ბარსელონას“ არ მიჰყიდის: „მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც იქნება. დარწმუნებულნი ვართ, რომ მოთამაშე ამ გადაწყვეტილებას გაიგებს და მთელ ძალებს ჩადებს“.

ცნობილი ინსაიდერი ბენ ჯეიკობსი ამტკიცებს, რომ გასულ კვირას მადრიდული კლუბის წარმომადგენლები ლონდონს ესტუმრნენ, რათა „არსენალთან“ ხულიანის გაყიდვა განეხილათ. კლუბის წყაროები ინგლისის დედაქალაქში ვიზიტის გასაღებას „ჩელსის“ თავდამსხმელის, ნიკოლას ჯექსონის ტრანსფერზე მოლაპარაკებების რაუნდად ცდილობდნენ, თუმცა რეალური მიზანი ალვარესის მომავალი იყო.

„ატლეტიკომ“ აცნობა „არსენალს“, რომ მსოფლიო ჩემპიონთან დაკავშირებით 120 მილიონ ფუნტზე (140 მილიონ ევროზე) მეტ შეთავაზებებს განიხილავს. „მეთოფეები“ მზად არიან შეთავაზება გააკეთონ, თუ თავად ფეხბურთელი მათთან გადასვლას დათანხმდება. ლონდონელები ასევე იმედოვნებენ, რომ მადრიდელები გარიგების სტრუქტურის კუთხით მოქნილობას გამოიჩენენ.

ბოლო ცნობებით, ალვარესი კვლავ ყველანაირ შეთავაზებას ბლოკავს და მხოლოდ „ბარსელონაში“ თამაში სურს.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები