„მოგვენატრება, მაგრამ ახლა სწორი დრო იყო“ | Watford Observer-ი ჩაკვეზე წერს
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს Watford Observer-ი გამოეხმაურა და ადამ დრურიმ „ჩაკვეს“ ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა.
„2024-25 წლების სეზონში, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძისთვის საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოხდენილი გარღვევის შემდეგ, სოციალურ ქსელებში მეტოქე გუნდების გულშემატკივრების მიერ „უოტფორდის“ მე-8 ნომრის ქება-დიდება ყოველკვირეულ ტრენდად იქცა. იყო მომენტები, როდესაც ჩაკვეტაძე გუნდს ზურგით ისე მიათრევდა, ჟოაუ პედრუ გვახსენდებოდა — კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი 2019 წლის ასოციაციის თასის ფინალის შემდგომ რეგრესულ პერიოდში.
„ვიკარეიჯ როუდზე“ ჩაკვეტაძემ „ოქსფორდ იუნაიტედი“ და „ვესტ ბრომვიჩი“ განსაკუთრებით შთამბეჭდავად დაშალა. როგორც კი ის თავისუფალ სივრცეში შეიჭრებოდა, მისი აყვანა და შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ტომ კლევერლის 3-4-2-1 სისტემაში მარცხენა ათიანის როლის მისეულად შეთავსება ჩემპიონშიფის დონეს ბევრად აღემატებოდა. ეს პოზიცია თითქოს მისთვის იყო შექმნილი და ამან მას იმ სეზონში გუნდის თილისმის სტატუსი მოუტანა.
2025/26 წლების სეზონშიც კი, როდესაც ტერფის მოტეხილობის გამო ნოემბრამდე ვერ ითამაშა და მისი საუკეთესო ფორმა მხოლოდ ეპიზოდურად ვიხილეთ, იყო მომენტები, როდესაც ჩანდა, რომ მისი ერთადერთი პრობლემა თანაგუნდელების იმავე ტალღაზე არყოფნა გახლდათ. ჩაკვეტაძე მის მიერვე ზედმიწევნით ზუსტად შექმნილ თავისუფალ სივრცეში ბურთს ხშირად ითხოვდა და მეტოქის საჯარიმოსკენ მიმავალი გზა გონებაში უკვე დახაზული ჰქონდა, თუმცა მისი კოლეგები სხვა მიმართულებით, უფრო ნაკლებად რისკიან პასებს აკეთებდნენ. ედ სტილი ამას მალევე მიხვდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მოვალეობა იყო ჩაკვეტაძის პოტენციალის ბოლომდე გახსნა, ხოლო ფეხბურთელს თავისი ძველი ფორმა უნდა დაებრუნებინა.
ჩაკვეტაძის წასვლაზე ორნაირი რეაქცია არსებობს: ისინი, ვინც კითხულობენ, თუ რატომ უშვებენ ასეთ საკვანძო მოთამაშეს ჯინო პოცოს (უოტფორდის მფლობელი) მეორე კლუბში, და ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ჩაკვეტაძე მხოლოდ ილუზიას ქმნიდა და მისი სტატისტიკა ნიჭს ვერ ასახავდა. მეორე მხარის არგუმენტს თუ შევხედავთ, ზედაპირულად მართლაც ასეა — 107 მატჩში გატანილი 3 გოლი (და არცერთი ბოლო 47 შეხვედრაში) მისი შემტევი პოტენციალის მქონე ფეხბურთელისთვის საოცრად დაბალი მაჩვენებელია. პრობლემა მხოლოდ გოლების ნაკლებობა არ ყოფილა, არამედ საჯარიმოსთან რეალური საფრთხის არარსებობაც. ტომ კლევერლი საუბრობდა იმაზე, რომ ჩაკვეტაძე გოლის გატანის მხრივ უფრო მშიერი უნდა გაეხადა, თუმცა ეს სურვილი მასში არასოდეს განვითარებულა — მისი დარტყმებიც ხშირად სუსტი და არაზუსტი იყო.
თუმცა ეს სტატისტიკა სრულ სურათს არ ასახავს და ჩაკვეტაძის უნარი, ელვისებურად გადაეყვანა გუნდი საკუთარი საჯარიმოს ხაზიდან მეორისკენ, უდავოდ ფასდაუდებელი იყო. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეტევები არაფრით სრულდებოდა — და ბევრი მათგანი გაცილებით ეფექტური იქნებოდა, მას უკეთესი თანაგუნდელები რომ ჰყოლოდა — „უოტფორდი“ მაინც ახერხებდა, წნეხი მეტოქეზე გადაეტანა, სტანდარტულები მოეპოვებინა და მოწინააღმდეგე ეიძულებინა, მეტად ყურადღებით ყოფილიყო.
ამ მხრივ ჩაკვეტაძე „მომენტის ფეხბურთელი“ არასდროს ყოფილა. კვადვო ბაჰმა 2024/25 წლებში „უოტფორდს“ ქულები პრაქტიკულად არაფრისგან მოუპოვა, რასაც ჩაკვეტაძე იშვიათად აკეთებდა. თუმცა გუნდის საუკეთესო მატჩების დროს ის ყოველთვის მთავარი ღერძი და ცენტრი იყო. მიუხედავად ამისა, ყველაფერი იცვლება და როდესაც სტილმა გასული სეზონის ბოლოს განაცხადა, რომ გუნდში არიან ფეხბურთელები, „რომლებთან მიმართებითაც უბრალოდ გრძნობ, რომ კლუბში მათი დრო ამოიწურა“, ის უთუოდ ჩაკვეტაძესა და იმრან ლუზას გულისხმობდა.
ორივე მოთამაშე გუნდში დარჩა, არადა ბევრი მათ წასვლას ელოდებოდა. 2025 წელს ჩაკვეტაძე ტრავმირებული იყო, კლუბმა კი განაცხადა, რომ მას მხოლოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდდა. 2025/26 წლების სეზონის ამგვარად განვითარების შემდეგ, მათგან გუნდში დარჩენის მოთხოვნა — მაშინ, როცა ისინი საკუთარ თავს ევროპის ტოპ-ლიგების ღირს ფეხბურთელებად მოიაზრებენ — უბრალოდ სიტუაციის კიდევ უფრო სტაგნაციის რისკს შეიცავდა. გასული სეზონის ბოლო კვირებში აშკარად არსებობდა შეგრძნება, რომ ჩაკვეტაძე მოლოდინის რეჟიმში იყო და აღარ წარმოადგენდა იმ შთამაგონებელ ძალას, რომელიც ადრე „უოტფორდს“ ეხმარებოდა.
„კრაზანებს“ ეს გაკვეთილი მწარედ ჰქონდათ ნასწავლი. მათ უნდა გაეყიდათ აბდულაი დუკურე და, შესაძლოა, რობერტო პერეირაც 2019 წლის ზაფხულში, ჩემპიონშიფში გავარდნამდე. მათ გუნდისთვის მაქსიმუმი ჰქონდათ გაკეთებული და რაღაც ახლისთვის იყვნენ მზად — ჩაკვეტაძეც ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში იყო.
ეს, რა თქმა უნდა, არ ამართლებს შემადგენლობის უბრალო დასუსტებას და ამისთვის „გაახალგაზრდავების“/„განახლების“ დარქმევას, რადგან აშკარაა, რომ 2026/27 წლების სეზონისთვის არსებული ხარისხი 12 თვის წინანდელთან შედარებით დაბალია.
ჩაკვეტაძის მომდევნო კლუბი „უდინეზეა“ — ტრანსფერი, რომელიც გულშემატკივრებში უკმაყოფილებას იწვევს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოცო უბრალოდ თავის ერთ კლუბს აძლიერებს მეორეს დასუსტების ხარჯზე. ქაღალდზე ეს ასეა, თუმცა ეს გარიგება „უოტფორდს“ მეტად საჭირო ფინანსურ შევსებას მოუტანს და საშუალებას მისცემს, სატრანფერო გეგმებს ხორცი შეასხას. ამ ფეხბურთელის სხვა კლუბში გაყიდვა შეიძლება უფრო ნელი და რთული პროცესი ყოფილიყო, აქ კი „უოტფორდს“ თავად შეუძლია განსაზღვროს ფასი და გადახდის პირობები.
ჩაკვეტაძის ტრანსფერის ფასი არ საჯაროვდება, მაგრამ მულტიკლუბურ მოდელში პარტნიორ კლუბებს შორის მოთამაშეებით ვაჭრობა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და, შესაძლოა, „უოტფორდმა“ ეს უფრო მეტადაც კი უნდა გამოიყენოს. ჩაკვეტაძის უოტფორდული კარიერა დასასრულს მიუახლოვდა — ის მოედანზე ყველას მოენატრება, მაგრამ მისი გაშვების დრო სწორედ ახლა იყო. ახლა მთავარია, რას მოიმოქმედებს „უოტფორდი“ მიღებული თანხით“.
ცნობისთვის, ქართველმა ფეხბურთელმა „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი ერთი წლით გახანგრძლივებაა შესაძლებელი.