მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

დავა ბურთის გამო, 1500 იარაღი ტრიბუნებზე და თამაში მოტეხილი ფეხით - პირველი მუნდიალის ისტორიები

ფინალის წინ ბურთების გამო წარმოქმნილი დავები. პოსტერზე დაშვებული შეცდომა, რომელსაც ვერ ამჩნევდნენ. მსაჯი, რომელსაც მატჩის წინ ცუდი სიზმარი დაესიზმრა. მეკარე, რომელიც ნაკრებიდან ცოლთან პაემნის გამო გარიცხეს და ფეხბურთელი, რომელმაც ნახევარფინალი მოტეხილი ფეხით დაასრულა.

ეს არ არის მშრალი სტატისტიკა, ეს იმ ადამიანების ისტორიებია, რომლებიც თამაშობდნენ, მსაჯობდნენ, გულშემატკივრობდნენ და სჯეროდათ. გიამბობთ 15 ფაქტს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ.

შეცდომა ჩემპიონატის ოფიციალურ პოსტერზე

პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი იუწყებოდა, რომ ტურნირი 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაიმართებოდა. სინამდვილეში ის 13 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა.

შეცდომის მიზეზი ის გახდა, რომ თავდაპირველად სხვა თარიღები იყო დაგეგმილი, მაგრამ ევროპული გუნდების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ტურნირის გადაწევა გახდა საჭირო.

პოსტერი, რომელიც მხატვარმა გილერმო ლაბორდემ შექმნა, გადაწყვიტეს, აღარ გადაეკეთებინათ. ამ უზუსტობისთვის 86 წლის განმავლობაში ყურადღება არავის მიუქცევია.

მსოფლიო ჩემპიონატი კინაღამ ჩაიშალა

განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის მომენტისთვის, განაცხადი არცერთ ევროპულ ქვეყანას არ ჰქონდა შეტანილი.

ფიფას ფედერაციების პირადად დარწმუნება მოუწია. საბოლოოდ, მხოლოდ ოთხი ევროპული ნაკრების შეკრება მოხერხდა: ბელგიის, საფრანგეთის, იუგოსლავიისა და რუმინეთის.

რუმინეთის გუნდი პირადად მეფე კაროლ II-მ შეარჩია, რომელიც ასევე სხვა ქვეყნების ფედერაციებსაც არწმუნებდა, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა მიეღოთ.

გემით ოკეანის გადაცურვას ორი კვირა სჭირდებოდა. ავსტრიელი მწვრთნელი, ჰიუგო მეისლი უარს ასე ხსნიდა: „ავსტრიაში საშინელი კრიზისი მძვინვარებს, 150 000-ზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩა; ამ პირობებში მონტევიდეოში გამართულ ჩემპიონატზე ნებისმიერი მუშის ან მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევს იმას, რომ ეს ადამიანი სამსახურს დაკარგავს“.

საბოლოო ჯამში, ტურნირში მონაწილეობა 13-მა გუნდმა მიიღო.

 პირველი მუნდიალი

პირველი გოლი

პირველი გოლის ავტორი ფრანგი ლუსიენ ლორანი იყო. 1930 წლის 13 ივლისს საფრანგეთი მექსიკას დაუპირისპირდა. მოგვიანებით ის იხსენებდა: „თოვდა, სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს ზამთარია. ერთ-ერთმა პარტნიორმა საჯარიმოს ცენტრში გადმოაწოდა და მე მარჯვენა ფეხით, ერთი შეხებით დავარტყი. ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ მიწაზე არ ვგორავდით, როგორც ახლაა მიღებული. სწრაფი ხელის ჩამორთმევა და ვაგრძელებდით“.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მატჩის მასპინძელი სტადიონი პაწაწინა „პოსიტოსი“ (Pocitos), რომელიც დაახლოებით 1000 მაყურებელს იტევდა. ის კლუბ „პენიაროლს“ ეკუთვნოდა. დღეს მის ადგილას საცხოვრებელი სახლები და პარკია.

პირველი მუნდიალი

ცალხელა გმირ

ექტორ კასტროს, ურუგვაი- არგენტინის ფინალში (4:2) ბოლო გოლის ავტორს, მარჯვენა მტევანი არ ჰქონდა.

13 წლის ასაკში მან, ხელი შემთხვევით ელექტროხერხით მოიჭრა. დაუჯერებელი ძალისა და თავდადებისთვის გულშემატკივრებმა მას „El Divino Manco“ — „ღვთაებრივი ცალხელა“ შეარქვეს.

კასტრომ ტურნირზე ურუგვაის პირველი გოლიც გაიტანა — გამარჯვების ბურთი პერუს კარში (1:0).

სასჯელო ცოლთან პაემნის გამო

ურუგვაის ძირითადი მეკარე, ანდრეს მასალი პირველი მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამხდარიყო. მაგრამ მწვრთნელს, ალბერტო სუპიჩის, გუნდი მუნდიალისთვის მოსამზადებლად ერთი თვის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდა და კომენდანტის საათის დაცვას ითხოვდა.

ჟურნალისტებმა მასალი საღამოს, ბაზის გარეთ შენიშნეს, სავარაუდოდ ცოლთან ერთად, რის გამოც ის ნაკრებიდან გარიცხეს. ის ენრიკე ბალიესტეროსმა შეცვალა, რომელიც ჩემპიონი გახდა.

პირველი მუნდიალი

მატჩის გამოტოვება გამოცდის გამო

არგენტინის ნაკრების კაპიტანს, მანუელ ფერეირას, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის დღეს, გამოსაშვები გამოცდა უნდა ჩაებარებინა. მან მოასწრო წასვლა, გამოცდის ჩაბარება და მესამე ტურისთვის დაბრუნება.

ამერიკელმა ფეხბურთელმა მოტეხილი ფეხით თამაშა

არგენტინა-აშშ-ის ნახევარფინალურ მატჩში, ამერიკელთა მცველმა, რაფაელ ტრეისიმ პირველ ტაიმში ფეხი მოიტეხა.

იმ დროისთვის თამაშში შეცვლები არ არსებობდა. მან შესვენებამდე ითამაშა, საავადმყოფოში კი საფინალო სასტვენის შემდეგ გაემგზავრა. ამერიკულმა დელეგაციამ ფიფას შეცვლის დაშვება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

პირველი მუნდიალი

საფინალო სასტვენი 6 წუთით ადრე

არგენტინა-საფრანგეთის (1:0) ჯგუფური ეტაპის მატჩში, საფინალო სასტვენი 6 წუთით ადრე გაისმა. ფრანგი ფეხბურთელი იმ მომენტში მეკარესთან პირისპირ გადიოდა.

ამ შეცდომის გამო, მოთამაშეების საშხაპეებიდან გამოყვანა გახდა საჭირო, რათა მატჩი დაესრულებინათ.

დავა ბურთის გამო

არგენტინა და ურუგვაი ვერ თანხმდებოდნენ, ვისი ბურთით უნდა ეთამაშათ ფინალში. გავრცელებული ვერსიის თანახმად, პირველ ტაიმი არგენტინული მხარის ბურთით ითამაშეს, მეორე კი ურუგვაულის.

ფინალის მსაჯმა გასაქცევად ნავი მოითხოვა

ერთადერთი მსაჯი, რომელიც ფინალის განსჯაზე დათანხმდა, ბელგიელი ჯონ ლანგენუსი იყო.

მან პირობა წამოაყენა: მისთვის უსაფრთხოების გარანტია უნდა მიეცათ და პორტში ნავი დაეხვედრებინათ, რათა მატჩიდან ერთი საათის განმავლობაში ურუგვაის დატოვება შეძლებოდა. ლანგენუსმა თამაშზე ნისლის გამო კინაღამ დაიგვიანა.

პირველი მუნდიალი

არგენტინელების შიში

გადმოცემის თანახმად, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებს ურუგვაელი გულშემატკივრების მხრიდან ანგარიშსწორების შეეშინდათ, როდესაც ფინალში 2:1-ს იგებდნენ.

ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გასახდელში თქვა: „აჯობებს, წავაგოთ, თორემ აქ ყველა დავიხოცებით“. ეს ლუის მონტი იყო — მან მკვლელობის მუქარით წერილი მიიღო.

იარაღი მატჩზე

ფინალურ მატჩს, სხვადასხვა მონაცემებით, 68 000-დან 93 000-მდე მაყურებელი ესწრებოდა. დაცვამ გულშემატკივრებს დაახლოებით 1500 პისტოლეტი და რევოლვერი ჩამოართვა.

მიუხედავად ამისა, ქომაგები გოლების შემდეგ ჰაერში ისროდნენ. შესაძლოა, ყველას გაჩხრეკა ვერ მოასწრეს.

ბრინჯაო მატჩის გარეშე

მესამე ადგილისთვის მატჩი აშშ-სა და იუგოსლავიას შორის არ გამართულა. ფიფა ოფიციალურად მიიჩნევს, რომ იუგოსლავიამ მეოთხე ადგილი დაიკავა. თუმცა მოთამაშეთა მოგონებების თანახმად, ორივე გუნდმა ბრინჯაოს მედლები მიიღო.

იუგოსლავიელები ტურნირის მთავარ სენსაციად იქცნენ: მათ ბრაზილია დაამარცხეს (2:1) და ნახევარფინალში გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დებიუტანტები, ლეგენდების ბოლო მუნდიალი და მილიონიანი ბილეთები — მთავარი ფაქტები მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ
დებიუტანტები, ლეგენდების ბოლო მუნდიალი და მილიონიანი ბილეთები — მთავარი ფაქტები მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ