13 წლის ასაკში ხელი დაკარგა, 13 წლის შემდეგ კი მუნდიალი მოიგო — ექტორ კასტროს ისტორია
ფეხბურთის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს გაიმართა. გამარჯვება ურუგვაის ნაკრებმა იზეიმა, მის შემადგენლობაში კი თავდამსხმელი ექტორ კასტრო ბრწყინავდა.
რით არის ეს ადამიანი გამორჩეული? იმით, რომ მან მთელი კარიერა ერთი ხელით ითამაშა: ფორვარდს მარჯვენა მტევანი არ ჰქონდა (უფრო ზუსტად კი — ხელი თითქმის იდაყვამდე აკლდა).

მუშის ოჯახში დაბადება — ასე იწყება ყოველი მეორე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის ბიოგრაფია. არც ექტორ კასტროა გამონაკლისი: მამამისი იმ ესპანელი ემიგრანტების შთამომავალი იყო, რომლებიც ურუგვაიში XIX საუკუნეში ჩავიდნენ და მონტევიდეოში დასახლდნენ.
ფეხბურთი უკვე მაშინ მთელი კონტინენტისთვის საკულტო იყო, ყველა ბიჭი კი ოცნებობდა, რომ სპორტის საშუალებით ცხოვრებაში გზა გაეკვლია.
კასტრო პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. შესანიშნავი რეაქციის, მოედნის ხედვისადა უშიშრობის წყალობით, ბიჭმა კარში თამაშს ალღო აუღო და მომავალში საკუთარ თავს მეკარის ამპლუაში ხედავდა.
თუმცა თავის სარჩენად ფულის გამომუშავებაც იყო საჭირო. მამის, როგორც ზეინკლის ხელფასი მთელ ოჯახს არ ჰყოფნიდა, ამიტომ ექტორმა, სკოლას თავი დაანება და 10 წლიდან მამას ეხმარებოდა: არასამუშაო დროს, მასთან ერთად წვრილმან სამუშაოებზე დადიოდა. მაგრამ ერთხელ საშინელება მოხდა.
1917 წელს, როდესაც ექტორი 13 წლის იყო, მამასთან ერთად შეშის დასამზადებლად წავიდა. ბიჭმა ელექტროხერხი ვერ დაიმორჩილა, მარჯვენა ხელი მომუშავე ინსტრუმენტში მოჰყვა და წამიერად ბავშვი კიდურის გარეშე დატოვა.
სისხლდენა სწრაფად შეაჩერეს, უახლოეს საავადმყოფოში კი ექიმებმა ჭრილობა გაკერეს. საბედნიეროდ, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. აი, ფეხბურთელის პროფესიას კი — პირიქით.
ბიჭს მეკარის კარიერა უნდა დაევიწყებინა. მაგრამ ფეხბურთის სიყვარულმა ყველაფერს გადააწონა: ექტორმა მწვრთნელს სთხოვა, მისთვის მოედანზე თავდამსხმელის პოზიციაზე მიეცა შანსი.
ახალ პოზიციაზე სამ წელზე ცოტა მეტი ხნის თამაშის შემდეგ, ექტორმა მონტევიდეოს „ლიტოს“ — ახალგაზრდა და ლოკალური, მაგრამ მაინც პროფესიონალური კოლექტივის ყურადღება მიიპყრო.
სადებიუტო სეზონი გარდამტეხი აღმოჩნდა არა მხოლოდ ბიჭისთვის, არამედ მისი გუნდისთვისაც, რადგან მას ურუგვაის ჩემპიონატში დებიუტი იყო.
მწვრთნელები ექტორს ენდობოდნენ, გულშემატკივრებს კი არ ესმოდათ, თუ რატომ „თამაშობდა ხეიბარი“ მათი საყვარელი კლუბის რიგებში.
ქომაგებმა ახალწვეულს მაშინვე El manco, ანუ ცალხელა შეარქვეს. თუმცა ეჭვები სწრაფად გაიფანტა: კასტროს გაჰქონდა გოლები და აკეთებდა საგოლე გადაცემებს, „ლიტომ“ კი სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

1930 წელს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, მასპინძელი ქვეყანა კი ურუგვაი გახდა. კასტრო კი კვლავ ისტორიაში შევიდა.
ექტორმა ტურნირზე გუნდის პირველი გოლი გაიტანა: მან პერუს კარი 16 მეტრიდან აიღო — მისი გოლი მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა.
კასტროს სახელთან დაკავშირებული მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა — არგენტინასთან ფინალში გატანილი გოლია (4:2). დიახ, ის არ ყოფილა გამარჯვების მომტანი, როგორც პერუსთან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ცალხელა ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გააქვს.

ექტორ კასტრო არა მხოლოდ ნაკრებთან ერთად ბრწყინავდა: საკლუბო დონეზე მან 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, ექვსი ტიტული მოიპოვა და ასევე, დღემდე ურუგვაის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიის მე-9 ადგილზე იმყოფება (107 გოლი 181 მატჩში).
როგორც მწვრთნელი, ექტორი კიდევ უფრო წარმატებული იყო: 13-წლიანი კარიერის განმავლობაში 10 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ზედიზედ ოთხჯერ ურუგვაის ჩემპიონატის ოქრო და ორჯერ ჩაუდგა სათავეში ეროვნულ ნაკრებს — გუნდს 1943-1944 წლებში სამ ამხანაგურ მატჩში და არგენტინაში გამართულ 1959 წლის კოპა ამერიკაზე ხელმძღვანელობდა.
ურუგვაელი ლეგენდა 1960 წელს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიცოცხლე ინფარქტმა შეიწირა.