ესპანეთთან მატჩამდე არავინ იცნობდა, დღეს კი სუპერ ვარსკვლავია — ვოზინიას ისტორია
Aa
Aa

ესპანეთთან მატჩამდე არავინ იცნობდა, დღეს კი სუპერ ვარსკვლავია — ვოზინიას ისტორია

დიდი საფეხბურთო ტურნირები ხშირად გვჩუქნიან ახალ გმირებს. ამ ეტაპზე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ვარსკვლავი, მოულოდნელად კაბო-ვერდეს 40 წლის მეკარე გახდა.

მისმა ნაკრებმა, რომელიც მუნდიალზე პირველად ასპარეზობს, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ფრედ, 0:0 ითამაშა — ვოზინიამ შვიდი დარტყმა მოიგერია და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ამ მატჩამდე მას Instagram-ზე მხოლოდ  50 000 გამომწერი ჰყავდა, 2 დღეში კი მათმა რაოდენობამ 12 მილიონს გადააჭარბა.

ვოზინია

მეკარის სრული სახელი ჟოზიმარ დიაშია. ის 1986 წლის 3 ივნისს, საპორტო ქალაქ მინდელუში დაიბადა.

ჟოზიმარის მშობლები ბევრს მუშაობდნენ, ამიტომ ის ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს. ჩხუბის შემდეგ თანატოლები ეხუმრებოდნენ ხოლმე, რომ სახლში ბებიასთან საწუწუნოდ მიდიოდა — ამის გამო მას მეტსახელი „ვოზინია“ (რაც პორტუგალიურად ბებიას ნიშნავს) შეარქვეს.

„მშობლებთან არასდროს მიცხოვრია. როდესაც დავიბადე, მამაჩემი ჯარში მსახურობდა, დედას კი მუდმივად მუშაობა უწევდა, ამიტომ ბებიასთან და ბაბუასთან გავიზარდე. ჩვენს უბანში სხვა ბიჭები ჩემზე ბევრად უფროსები იყვნენ და მეც მუდმივად მათთან ვთამაშობდი ქუჩაში და მაგრადაც მხვდებოდა ხოლმე. კარგად ვთამაშობდი და წაგება არ მიყვარდა, ხშირად მცემდნენ და სახლში გაბრაზებული ვბრუნდებოდი. ისინი კი დამცინოდნენ და ამბობდნენ, რომ საწუწუნოდ ბებიასთან და ბაბუასთან მივდიოდი“, — ჰყვებოდა ვოზინია ორი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ, 40 წლის ვოზინიამ ცრემლები ვერ შეიკავა, მოგვიანებით კი მან თავის ემოციებზე ჟურნალისტთან ილაპარაკა:

„ვტიროდი, რადგან ბებია და ბაბუა, რომლებმაც გამზარდეს, ჩემ გვერდით არ იყვნენ. ისინი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალნენ. დედაჩემმა ვიზის პრობლემების გამო ჩამოსვლა ვერ შეძლო. ჩვენ ამ ცხოვრებაში ასეთი მომენტებისთვის ვშრომობთ. ახლა 40 წლის ვარ, მაგრამ 25 წლამდე პროფესიონალი არ ვყოფილვარ. ეს მთელი ამ განვლილი გზის ჯილდოა“.

ვოზინია

ვოზინიას კარიერას რთულია წარმატებული ეწოდოს. პროფესიონალურ ფეხბურთში მეკარე გვიან — 25 წლის ასაკში მოხვდა. შედარებისთვის, ესპანეთის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი, ლამინ იამალი ახლა მხოლოდ 18 წლისაა.

ვოზინიამ თავისი გზა მოკრძალებული ადგილობრივი გუნდებიდან — „ბატუკედან“ და „მინდელენსედან“ დაიწყო.

2012 წელს, ვოზინიამ კაბო-ვერდე დატოვა და ანგოლურ გუნდ „პროგრესოში“ გადავიდა. 2015 წელს, მეკარე ევროპაში გადაბარგდა და კიშინიოვის „ზიმბრუსთან“ გააფორმა კონტრაქტი.

შემდგომ მის კარიერაში იყო პორტუგალიური „ჟილ ვისენტე“, კვიპროსული აელი, სლოვაკური „ტრენჩინი“ და პორტუგალიური „შავეში“.

ერთადერთი ტიტული ვოზინიამ 2019 წელს, აელის შემადგენლობაში მოიპოვა. მაშინ მისმა გუნდმა კვიპროსის თასი დაისაკუთრა.

ვოზინია

კაბო-ვერდეს ნაკრებში ვოზინია 2012 წლიდან თამაშობს — ეროვნულ გუნდში მან 89 მატჩი ჩაატარა. 2025 წელს ის „აფრიკის საუკეთესო მეკარის“ ჯილდოზე იყო ნომინირებული.

Transfermarkt-ზე ვოზინიას საბაზრო ღირებულება 50 000 ევროს შეადგენს. მსოფლიო ჩემპიონატზე ის ფაქტობრივად, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაემგზავრა.

მისი კონტრაქტი „შავეშთან“, რომელიც პორტუგალიის მეორე ლიგაში ასპარეზობს, 2026 წლის 30 ივნისს იწურება. თავის სოციალურ ქსელებში მეკარე გუნდს უკვე დაემშვიდობა.

ვოზინია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიმინალური უბნიდან ბერნაბეუმდე - კარიმ ბენზემას გზა მადრიდამდე
კრიმინალური უბნიდან ბერნაბეუმდე - კარიმ ბენზემას გზა მადრიდამდე