დებიუტანტები, ლეგენდების ბოლო მუნდიალი და მილიონიანი ბილეთები — მთავარი ფაქტები მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ
11 ივნისს, ოთხწლეულის მთავარი საფეხბურთო მოვლენა — მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ტურნირი ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება და 19 ივლისს დასრულდება.
ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მუნდიალი
1930 წლის პირველ მსოფლიო ჩემპიონატში, 13 გუნდი მონაწილეობდა, წელს კი მათი რაოდენობა 48 იქნება — რაც ყველა დროის რეკორდია. ჯამში 104 მატჩი ჩატარდება (ასევე რეკორდი) სამ ქვეყანაში (კიდევ ერთი რეკორდი).
ფიფა მუდმივად ზრდის მონაწილეთა რაოდენობას და ეს აქამდე გამართლებულად გამოიყურებოდა. 1998 წლის ჩემპიონატზე 32 ნაკრები ასპარეზობდა: ეს ფორმატი 2022 წლამდე შენარჩუნდა და ოპტიმალურად მიიჩნეოდა.
თუმცა, ამის შემდეგ ფიფამ ტურნირის კიდევ უფრო გაფართოება გადაწყვიტა, რათა აემაღლებინა ფეხბურთისადმი ინტერესი იმ ქვეყნებში, რომლებიც მანამდე იშვიათად ან არასდროს ხვდებოდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე.

დებიუტანტი ქვეყნები
ამ ჩემპიონატზე, ფორმატის თავისებურებებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივზე მეტი დებიუტანტია. ტურნირის მასპინძელმა ნაკრებებმა — აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ გარანტირებული ადგილები მიიღეს, რეგიონისთვის განკუთვნილი კვოტა კი უცვლელი დარჩა.
კერძოდ, სწორედ ამით აიხსნება ტურნირზე კიურასაოს ნაკრების ყოფნა. ეს პაწაწინა (156 ათასი მცხოვრები) სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში შედის და ავტონომიის სტატუსი მხოლოდ 2011 წელს მიიღო.
კიურასაოს ნაკრების შემადგენლობაში ძირითადად ნიდერლანდების ჩემპიონატის მოთამაშეები გამოდიან.
კიდევ ერთი დებიუტანტი უზბეკეთის ნაკრებია, რომლის რიგებშიც გამოდის მცველი აბდუკოდირ ხუსანოვი, რომელიც წელს „მანჩესტერ სიტის“ ძირითადი შემადგენლობის მყარ მოთამაშედ იქცა.
ტურნირში მონაწილეობას პირველად მიიღებენ ასევე იორდანია და კაბო-ვერდე.
„უკანასკნელი ცეკვა“
ეს მსოფლიო ჩემპიონატი სუპერვარსკვლავების მთელი თაობისთვის უკანასკნელი იქნება. 38 წლის არგენტინელ ლიონელ მესის უკვე მოგებული აქვს ყველაფერი, რისი მოგებაც კი შესაძლებელია. ეს მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც ჩანს, ბოლო იქნება მის კარიერაში.
ამავე თაობის კიდევ ერთი დიდებული მოთამაშე, 41 წლის კრიშტიანუ რონალდუ არ მალავს, რომ მისი ცხოვრების მთავარი მიზანი მსოფლიო თასია. პორტუგალიელმა ხუთჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე („მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „რეალის“ შემადგენლობაში), გახდა ევროპის ჩემპიონი, იგებდა ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის პირველობებს, თუმცა მუნდიალის თასი მას ჯერ არ აუწევია.
2022 წლის დეკემბრიდან კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრში“ გამოდის. პორტუგალიის ნაკრების კაპიტნისთვის 2026 წლის მუნდიალი, სავარაუდოდ, ასევე უკანასკნელი იქნება.
კიდევ ვინ იღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე სახელოვანი ვეტერანებიდან ბოლოჯერ:
ლუკა მოდრიჩი (40 წლის, ხორვატია) — ჩემპიონთა ლიგის მრავალგზის გამარჯვებული მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში და 2018 წლის მსოფლიო პირველობის ვერცხლის პრიზიორი.
მანუელ ნოიერი (40 წლის, გერმანია) — „ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარე, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი.
მოჰამედ სალაჰი (33 წლის, ეგვიპტე) — ინგლისის ორგზის ჩემპიონი „ლივერპულის“ შემადგენლობაში.
კევინ დე ბრუინი (34 წლის, ბელგია) — ტრავმებით გატანჯული ინგლისის ექვსგზის ჩემპიონი, რომელიც ამჟამად იტალიურ „ნაპოლიში“ თამაშობს. ნაკრების დონეზე მას არაფერი მოუგია.

დებიუტანტი ფეხბურთელები
ეს მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული მომენტი იქნება ასევე ბევრის ახალგაზრდა სუპერვარსკვლავებისთვის, რომლებმაც პირველად მიიღეს შანსი, საკუთარი თავი პლანეტის მთავარ საფეხბურთო ტურნირზე წარმოაჩინონ.
მუნდიალების აბსოლუტური დებიუტანტია ნორვეგიელი ბომბარდირ, ერლინგ ჰოლანდი. მასთან ერთად ამ განცდას გაიზიარებენ მარტინ ედეგორი, ფლორიან ვირცი და ჯუდ ბელინგემი, რომლებმაც უკვე მოასწრეს მსხვილი საკლუბო ტურნირების მოგება, თუმცა დიდ მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯერ არასდროს უასპარეზიათ.

სავალდებულო შესვენებები წყლის დასალევად
მიუხედავად იმისა, რომ მატჩების შეჩერება ფეხბურთელებისთვის წყლის ბალანსის აღსადგენად ფეხბურთში სიახლეს არ წარმოადგენს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში, ამინდის პირობების მიუხედავად, გათვალისწინებული იქნება ორი ასეთი სამწუთიანი შესვენება — თითოეული ტაიმის დაახლოებით 22-ე წუთზე.
მანამდე მსაჯებს მსგავსი შესვენებების გამოცხადება თითოეული ტაიმის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ევალებოდათ, თუ თამაშის დასაწყისში ტემპერატურა 31 გრადუსს აჭარბებდა.
მიმდინარე ცვლილება განპირობებულია იმ მაღალი ტემპერატურის საფრთხის გამო, რომელიც მუნდიალის მასპინძელ რიგ ქალაქებშია მოსალოდნელი, როგორც ეს გასულ წელს აშშ-ში გამართულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მოხდა.
ეს სიახლე, თავის მხრივ დიდ სარგებელს მოუტანს სამაუწყებლო კომპანიების: ფიფამ დაადასტურა, რომ ამ სამწუთიანი პაუზების დროს, მათ მატჩის ტრანსლაციიდან რეკლამაზე გადართვის უფლება მიეცემათ.

მაქსიმალური ხარჯები და ძვირადღირებული ბილეთები
ტურნირის მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული დიდი მანძილის გამო, მგზავრობა ძვირი დაუჯდებათ თვით ჩრდილოეთ ამერიკელ გულშემატკივრებსაც კი. მაქსიმალური მანძილი ორ სტადიონს — ვანკუვერსა და მაიამის შორის 4507 კილომეტრს შეადგენს.
მაგალითად, გერმანიის ნაკრების ქომაგს, რომელსაც თავისი ფავორიტების მხარდაჭერა სურს, 2619 კილომეტრის გადალახვა მოუწევს, რათა ჰიუსტონიდან ტორონტოში, შემდეგ კი ნიუ-ჯერსიში ჩავიდეს და ეს მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მატჩებზეა საუბარი.
ბილეთების ღირებულებამ კი იმდენად ცხარე კამათი გამოიწვია, რომ გულშემატკივართა ორგანიზაცია Football Supporters Europe-მა ევროკომისიაში ფიფას წინააღმდეგ საჩივარიც კი შეიტანა მატჩებზე „გაზვიადებული ფასების“ გამო.
ტურნირის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ჯგუფური ეტაპის ორთაბრძოლების უმრავლესობაზე ბილეთები კვლავ თავისუფალ გაყიდვაში იყო. მათგან ყველაზე ძვირი ლოს-ანჯელესში, აშშ-ისა და პარაგვაის ნაკრებების პირველ შეხვედრაზე 4105 დოლარი ღირდა, მაშინ როდესაც ნაკლებად მოთხოვნად მატჩებზე ყველაზე იაფი ადგილები 380 დოლარად იყო შემოთავაზებული.
ბილეთების გადაყიდვის ოფიციალურ პლატფორმა FIFA Marketplace-ზე, ცოტა ხნის წინ ფინალის ბილეთები 2 მილიონ დოლარზე მეტ ფასადაც კი გამოჩნდა. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსგავს საფასო პოლიტიკას იცავს და მიუთითებს იმ მცირე რაოდენობის შედარებით იაფ ბილეთებზე, რომლებიც ეროვნული ნაკრებების ერთგული გულშემატკივრებისთვის მათივე ფედერაციების მეშვეობით გამოიყოფა.

ლოს-ანჯელესში გამოსვლისას ინფანტინომ განმარტა, რომ ბილეთების მაღალი ფასები უბრალოდ ასახავს მოთხოვნას ამ ძვირადღირებულ ბაზარზე.
„და თუ ვინმე ფინალის ბილეთს 2 მილიონ დოლარად შეიძენს, მე პირადად მივუტან მას ჰოთ-დოგსა და კოლას, რათა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოს“, — აღნიშნა ფიფას ხელმძღვანელმა.