„პრობლემები გვაქვს, ფეხბურთელები ჭარბი წონით ჩამოვიდნენ“ - ზირას პრესკონფერენცია
ხვალ, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად აზერბაიჯანულ „ზირას“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ზირას“ მთავარმა მწვრთნელმა, რაშად სადიგოვმა და კაპიტანმა გისმეთ ალიევმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
რაშად სადიგოვი:
„მნიშვნელოვანი თამაში გველის. მზადება დავასრულეთ. ხვალინდელ მატჩში დადებითი შედეგის მიღწევას ვგეგმავთ. ჩვენი მეტოქე გამოცდილია, ისინი სტაბილურად თამაშობენ ევროთასებზე. მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. ჩვენი გუნდიც გამოცდილია. წინ ძალიან კარგი თამაში გველოდება“.
„მათ რამდენიმე მატჩს ვუყურეთ და გავაანალიზეთ. ევროთასებისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს. ფეხბურთელებიც გრძნობენ ამას“.
„ევროთასებისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონდა. არ გვინდოდა ნაჩქარევი სელექციის გაკეთება. 5-6 ტრანსფერი ჯერ კიდევ ღიაა. მძიმე სეზონი გველის. მეტოქეები ძლიერები იქნებიან. ფეხბურთელებთან ყველა დეტალი განვიხილეთ“.
„ევროთასებზე მონაწილეობა გეგმაში არ იყო, რის გამოც, რამდენიმე ფეხბურთელი შეკრებაზე ზედმეტი წონით ჩამოვიდა. შესაძლოა, საგზური უფრო ადრე რომ მოგვეპოვებინა, ასე აღარ მომხდარიყო და უფრო დისციპლინირებულები ჩამოსულიყვნენ“.
გისმეთ ალიევი:
„ხვალ მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. რთული შეხვედრა იქნება. მეტოქე კარგი გუნდია.“
„ცხელ ამინდში თამაშები აქამდეც გვქონია. არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა იქნება. როგორც გუნდი, ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ.“
მეტოქის შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თამაშის ბედის შეცვლა. ხვალ პირველივე წუთებიდან ყურადღებით უნდა ვიყოთ“.
შეგახსენებთ, რომ „ზირასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი 8 ივლისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება, საპასუხო დაპირისპირება კი ქუთაისში 16 ივლისს გაიმართება.