სლოვანის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე | გურამ კაშიას კარგი მატჩი
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავას „სლოვანმა’’ შინ ბოსნიის ჩემპიონი „ზრინსკი მოსტარი’’ 4:0 გაანადგურა.
„სლოვანის’’ სასტარტო 11-ეულში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, 38 წლის გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, დამაჯერებელი იყო, ზუსტად მოქმედებდა, რაიმე უხეში შეცდომა არ დაუშვია.
ანგარიში მე-40 წუთზე ტიგრან ბარსეგიანმა ეფექტური დარტყმით გახსნა. სამ წუთში დავიდ სტრელეცმა ანგარიში ორამდე გაზარდა. მესამე გოლი მარკო ტოლიჩის აქტივშია, საგოლე პასი ბარსეგიანმა შეასრულა. მეოთხე გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე უკრაინელმა ფორვარდმა ნიკოლაი კუხარევიჩმა გაიტანა.
საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს ბოსნიაში გაიმართება.
თუ „სლოვანი'' ამ ბარიერს დაძლევს, მესამე ეტაპზე „სლოვანის’’ მეტოქე კუპს-სა და „ქაირათს’’ შორის მოგებული იქნება. ამ ოთხეულში ფავორიტად „სლოვანი'' ითვლება.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიური რფს შინ „მალმიოსთან’’ 1:4 დამარცხდა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ მოროზმა ლაშა ოდიშარიას სათადარიგოთა სკამზე დასვა, არ ათამაშა, რადგან ქართველი გარემარბი ტრავმირებულია და თამაშისთვის მზად არ იყო. ლაშა საპასუხო მატჩში 30 ივლისს ითამაშებს.
თუ რფს დამარცხდება, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კუპს-სა და „ქაირათს'' შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ფინურმა კუპს-მა შინ „ქაირათს’’ 2:0 მოუგო. ყაზახური კლუბის სათადარიგოთა სკამზე ლუკა გადრანი და გიორგი ზარია ისხდნენ. ზარია თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 2:0 იყო. გადრანს არ უთამაშია. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 29 ივლისს გაიმართება.