„ბრაზილიასთან ბალაკთან ერთად გვათამაშეთ“ - კანმა FIFA-ს მიმართა
როგორ ჩაერია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი ქვეყნის ფეხბურთელთა ნაკრების ლიდერის, ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის გაუქმებაში, ამის თაობაზე უამრავი რამ ითქვა და დაიწერა. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ მაურისიო პოჩეტინოს მომზადებულ აშშ-ის ნაკრებს ვერც ბალოგუნმა უშველა, ბელგიის ეროვნულმა გუნდმა 4:1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა. FIFA-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბალოგუნისთვის წითელი ბარათის გაუქმებასთან დაკავშირებით, ლეგენდარული გერმანელი მეკარე ოლივერ კანი ირონიულად გამოეხმაურა და საკუთარი კომენტარით ყველა გაახალისა.
ოლივერ კანი
FIFA-ს ხელმძღვანელები ბოლო პერიოდში ხშირად აცხადებენ, რომ საფეხბურთო ისტორია ახლა იწერება. ჰოდა, რახან საფეხბურთო ისტორიის წერის პროცესში ვართ, მათთან ერთი წინადადება მაქვს - გააუქმონ 2002 წლის მუნდიალის ნახევარფინალში მიხაელ ბალაკისთვის მიცემული ყვითელი ბარათი, რომლის გამოც ის ფინალში ვერ დაგვეხმარა. დანიშნონ გადათამაშება ბრაზილიასთან და სამხრეთ ამერიკელებთან ბალაკთან ერთად გვათამაშონ.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის წინ გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში რუდი ფიოლერის მომზადებულმა გერმანიის ნაკრებმა სამხრეთ კორეა მიხაელ ბალაკის ერთადერთი გოლით დაამარცხა, თუმცა ამავე შეხვედრაში ამ ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო, რაც იმ ტურნირზე მისთვის მეორე და დისკვალიფიკაციის მომტანი გაფრთხილება გახლდათ. ბალაკის გარეშე დარჩენილმა გერმანელებმა კი ფინალი ბრაზილიასთან წააგეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.