„ჩვენი წარმატება იმიგრაციასთან მჭიდრო კავშირშია“ - ვენგერი ფრანგ ლეგენდებზე
ყველა დიდი სანაკრებო ტურნირის მსგავსად, წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის დროსაც საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების წარმომავლობის შესახებ საუბრები აქტიურად მიმდინარეობს. პარაგვაელმა სენატორმა კილიან მბაპეს კამერუნელი უწოდა, ხოლო ხოსე ლუის ჩილავერტმა განაცხადა, რომ 1998 წლისგან განსხვავებით, ამჯერად მისი ქვეყნის ეროვნული გუნდი საფრანგეთის კი არა, აფრიკის ნაკრებს ეთამაშებოდა. პარაგვაელი სენატორისა და მეკარის საპასუხოდ, FIFA-ს გლობალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მომუშავე არსენ ვენგერმა, ტონი და ფელიქს კროოსის პოდკასტში სტუმრობისას, საინტერესო კომენტარი გააკეთა.
არსენ ვენგერი
დასამალი არავისთვის არის, რომ ისტორიულად, საფრანგეთის ნაკრების წარმატება ყოველთვის იყო დაკავშირებული ნიჭიერი ადამიანების კარგ ადაპტაციასთან ჩვენ ქვეყანაში და ასევე აფრიკულ იმიგრაციასთან. მხოლოდ აფრიკაზე ყურადღებას არ ვამახვიილებ, ევროპის სხვა სახელმწიფოდანაც ბევრი ჩამოსულა საფრანგეთში საცხოვრებლად, რადგან ჩვენთან ხარისხიანი განათლების მიღების იმედი ყველას აქვს.
„ოქროს ბურთის“ პირველი ფრანგი მფლობელი რაიმონ კოპა წარმოშობით პოლონეთიდან იყო, შემდეგ გვყავდა იტალიური ფესვების მქონე მიშელ პლატინი და ალჟირული წარმოშობის ზინედინ ზიდანი. ჟან-პიერ პაპენი იმიგრანტი არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ზიდანის მსგავსად, კარიმ ბენზემას და უსმან დემბელესაც აფრიკული ფესვები აქვთ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის რიგით მესამედ მოსაგებად ბრძოლას განაგრძობს - ფრანგებმა მერვედფინალში პარაგვაელები კილიან მბაპეს გოლით დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მაროკოს დაუპირისპირდებიან და მატჩი ხუთშაბათს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.