„კამერუნელი, რომელიც საკუთარ თავს ფრანგს უწოდებს“ - მბაპეს კონფლიქტი პარაგვაელ სენატორთან
საფრანგეთი - პარაგვაის შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დასრულდა, თუმცა აჟიოტაჟი ამ მატჩის გარშემო ახლაც არ ჩამცხრალა. ყველაფერი პარაგვაელი სენატორის სელესტე ამარილიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით დაიწყო, რომელიც მან უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას კილიან მბაპეზე დაწერა: „ამპარტავან კამერუნელს, რომელიც საკუთარ თავს ფრანგს უწოდებს, წესიერად წერაც კი არ უსწავლია. სამწუხაროა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ არავინ სცემა“.
კილიანმა კი, რომელიც შეხვედრის მსვლელობისას პარაგვაელი ფეხბურთელების მიერ მოწყობილ პროვოკაციებს ცივი გონებით შეხვდა, ამ ქვეყნის სენატორისგან რასისტული შეურაცხყოფა არ მოითმინა და ასეთი პასუხი გასცა: „გულისამრევი და თანამდებობისთვის შეუფერებელი ქალი ხარ. აი ასეთი რასისტული განცხადების გამო, მთელი მსოფლიო გადაუსვამს ხაზს იმ ძალისხმევას, რაც პარაგვაელმა ფეხბურთელებმა მატჩებში გაიღეს“.
მბაპესგან მსგავსი პასუხის მიღება პარაგვაელ პოლიტიკოსს, რომელსაც ბევრი თანამემამულე, მათ შორის პარაგვაის პრეზიდენტიც გაემიჯნა და ფრანგ ფეხბურთელს მიმართეს, რომ ამ ქალის მოსაზრება ქვეყნის მოსაზრებას არ წარმოადგენს, აშკარად ეწყინა. სელესტემ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ის კილიანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით ემუქრება.