მექვაბიშვილის თანაგუნდელი გახდება? - გულიაშვილს რუმინული ვარიანტი გამოუჩნდა
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი გულიაშვილმა შესაძლოა კარიერა რუმინეთში, „კრაიოვას უნივერსიტატიაში“ გააგრძელოს. ამის შესახებ რუმინული მედია იტყობინება.
გამოცემა 3 Minute-ს ინფორმაციით, „კრაიოვა“, რომელსაც კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე სწორედ „სარაევო“ შეხვდება, ორმატჩიან დაპირისპირებაში ქართველ ფორვარდს დააკვირდება.
„Transfermarkt-ი გულიაშვილს 1,5 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ თუ „სარაევო“ კონფერენს ლიგიდან გავარდება, „კრაიოვას“ ბოსნიელებთან ფასზე მოლაპარაკება შეეძლება. ჯერჯერობით ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „კრაიოვას“ მწვრთნელი მირელ რადოი გულიაშვილთან დაკავშირებით“.
აქვე გეტყვით, რომ გულიაშვილმა გასულ სეზონში „სარაევოსთან“ ერთად ბოსნია-ჰერცეგოვინის თასი მოიგო და გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გულიაშვილით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, რაზეც „სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ზორაკ ზეკიჩმაც ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი შემტევის სანაცვლოდ „სარაევოს“ ისეთ თანხებს სთავაზობენ, რომ გიორგის გუნდში შენარჩუნება რთული იქნება.
ცნობისთვის, კონფერენს ლიგაზე სარაევო-კრაიოვას მატჩები 24 და 31 ივლისს გაიმართება. რუმინული კლუბის ღირსებას 2024 წლიდან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი იცავს.