ბერძენი ფეხბურთელი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა
ბერძნული კლუბის, „მაკედონიკოსის“ ფეხბურთელი, ნიკოს ცუმანისი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბერძნული პრესის ინფორმაციით, 31 წლის მოთამაშის ცხედარი დღეს დილით აღმოაჩინეს და საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.
Thesstoday.gr-ის ცნობით, ცუმანისს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ცოტა ხნის წინ, მან საკუთარი პრობლემების შესახებ ერთ-ერთ მეგობარს უამბო და უთხრა, რომ თავის მოკვლაზე ფიქრობდა. Metrosport.gr იუწება, რომ სუიციდი გამორიცხულია, რადგან ფეხბურთელის ცხედარს ხელები შეკრული ჰქონდა, ხოლო ყელზე ქამარი ჰქონდა შემოხვეული.
„მას წლების წინ შევხვდი და მაშინ იგი ოქროს ბიჭუნა იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა. არ ვიცი, ეს ტრაგედია ზუსტად რამ გამოიწვია, მაგრამ სანდო წყაროსგან გავიგე, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. ბოლო პერიოდში მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ალბათ, დეპრესიაშიც იყო. ბოლოს იგი ძალიან ჩაიკეტა და ეტყობოდა, რომ რაღაც აწუხებდა“, - განაცხადა ერთ-ერთი ბერძნული გამოცემისა და რადიოს ხელმძღვანელმა, გეორგე ტოციკასმა.
ცუმანისი „მაკედონიკოსს“ ამ ზაფხულს შეუერთდა. მანამდე იგი ისეთ გუნდებში ასპარეზობდა, როგორებიც „არისი“, „ქსანთი“, „კერკირა“ და „პანტრაკიკოსი“ არიან.