სექსუალური შინაარსის ვიდეოს საქმე | დაზარალებული ასენსიოსთვის 4-წლიან პატიმრობას ითხოვს
ესპანეთის პროკურატურა „რეალის“ მცველის, რაულ ასენსიოსთვის 4-წლიან პატიმრობას ითხვოვს. ამის შესახებ გავლენიანი მადრიდული გამოცემა Marca იტყობინება.
საუბარია სექსუალური შინაარსის ვიდეოს გავრცელების საქმეზე. კერძოდ, 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ასენსიო და „რეალის“ მესამე გუნდის 3 ფეხბურთელი არასრუწლოვანი გოგონას მონაწილეობით სექსუალური შინაარსის ვიდეოს ჩაწერისა და გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
მოსამართლემ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას, ვიდეოჩანაწერის გავრცელებას და გაგზავნას მესამე პირებისთვის დაზარალებულთა ინფორმირების ან თანხმობის გარეშე და არასრუწლოვანთა ჩართვას პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოების შექმნაში.
მოგვიანებით მოსამართლემ ასენსიოს ვიდეოს ჩაწერისა და გავრცელების ბრალდება მოუხსნა, ამასთან მას ისევ ედავებიან ვიდეოს შენახვასა და მესამე პირებისთვის ჩვენებას.
Marca-ს ინფორმაციით, დაზარალებული გოგონას ადვოკატები ასენსიოსთვის ითხოვენ 4-წლიან პატიმრობას, 20 თვის განმავლობაში ყოველდღიურად 10 ევროს ოდენობით დაჯარიმებას და კომპენსაციის სახით 58 000 ევროს გადახდას. კომპენსაციის ოდენობა „განსაზღვრულია იმის გათვალისწინებით, რომ ასენსიო ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე გუნდის ფეხბურთელია.
საქმის სხვა 3 ფიგურანტისთვის გოგონას ადვოკატები 4 წლითა და 10 თვით პატიმრობას ითხოვენ. ასევე ცნობილია, რომ ანალოგიურ სარჩელის შეტანას აპირებს კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი, რომელიც ვიდეოს ჩაწერის მომენტში სრულწლოვანი იყო.