ხაბულიანი მონტელას გუნდში: ქართველი ფორვარდი თურქულ კლუბში ითამაშებს
Aa
Aa

ხაბულიანი მონტელას გუნდში: ქართველი ფორვარდი თურქულ კლუბში ითამაშებს

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ხაბულიანი კარიერას თურქეთის სუპერლიგის კლუბ ''ადანა დემირსფორში'' გააგრძელებს. CrystalSport-ის ცნობით მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ამ ეტაპზე 17 წლის ფორვარდი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ასაკიდან გამომდინარე სუპერლიგაში თამაშის უფლება არ აქვს. უახლოეს პერიოდში UEFA-სგან მიიღებს ლიცენზიას, რომელიც არასრულწლოვან ფეხბურთელს სუპერლიგაში თამაშის უფლებას მისცემს. ხაბულიანი 18 წლის 25 მარტს გახდება.

20-გუნდიან თურქეთის სუპერლიგაში ხაბულიანის გუნდი 12 ქულით მე-10 ადგილზეა.

საინტერესოა, რომ თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელი ''რომას'' ლეგენდარული ფეხბურთელი ვინჩენცო მონტელაა, რომელსაც მთავარ მწვრთნელად ''ფიორენტინაში'', ''სამპდორიაში'', ''მილანსა'' და ''სევილიაში'' უმუშავია.

აღსანიშნავია, რომ ''ადანა დემირსფორის'' ერთ-ერთი ლიდერი მარიო ბალოტელია.

თურქულ კლუბში გადასვლამდე გიორგი ხაბულიანი თბილისის ''მერანისა'' (2020) და ''თელავის'' (2021) ფეხბურთელი იყო, 14-დან 16-წლამდე კი ესპანური ''მარკეტის'' აკადემიაში ასპარეზობდა. 

ხაბულიანი ტანმაღალი ფორვარდია, მისი სიმაღლე 191 სანტიმეტრია.

ასევე გეტყვით, რომ ახლა ფეხბურთელი ნორვეგიაში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად იმყოფება. ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უელსს (6 ოქტომბერი), კოსოვოსა (9 ოქტომბერი) და ნორვეგიას (12 ოქტომბერი) შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები