ამ ეტაპზე თამაშის პერსპექტივა არ აქვს | იტალიური გამოცემა ჩაკვეტაძეზე
იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში „უდინეზე’’ „ჯუზეპე მეაცაზე’’ მილანის „ინტერს’’ ესტუმრება. როგორც Corrieredellosport-ი წერს, სავარაუდოდ ამ მატჩშიც არ შედგება გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი უდინელთა შემადგენლობაში.
„ჩაკვეტაძე „ლაციოსთან“ შეხვედრაში განაცხადში კი იყო, თუმცა ჯერჯერობით მისი მიზანი მხოლოდ გუნდთან ერთად ყოფნაა და მოედანზე გასვლის პერსპექტივა არ აქვს'' - ვკითხულობთ იტალიური გამოცემის სტატიაში.
27 წლის ქართველი ფეხბურთელი „პატარა ზებრებში’’ გასულ ზაფხულში გადავიდა, ტრავმის გამო მოსამზადებელი ეტაპი გაუცდა, გუნდთან ერთად სავარჯიშო პროცესი განაახლა და სერია A-ს მესამე ტურში რომის „ლაციოსთან’’ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, ტრავმების გამო, ტოპ ლიგაში მხოლოდ 27 წლის ასაკში მოხვდა. მას ბელგიურ „გენტში'' (2017-24), ბუნდესლიგა 2-ის „ჰამბურგში'' (2022), ბრატისლავის „სლოვანსა'' (2022-23) და ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდში'' (2024-26) უთამაშია.
„უოტფორდსა'' და „უდინეზეს'' პოცოების ოჯახი მართავს, „უდინეზეს'' ჯამპაოლო პოცო, „უოტფორდს'' - მისი შვილი ჯინო პოცო. ამ ფაქტორმა ჩაკვეტაძის ტრანსფერს ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო, რადგან გასული სეზონი ქართველისთვის წარმატებული არ ყოფილა, ჩემპიონშიფის 29 მატჩში (1 797 წუთი) გოლი ვერ შეაგდო და მის აქტივში მხოლოდ 3 საგოლე პასია.