„მადლობა მთელი გულით
Aa
Aa

„მადლობა მთელი გულით" - ლუკაკუ ინტერის ქომაგებს დაემშვიდობა

ბელგიელმა ფეხბურთელმა, რომელუ ლუკაკუმ „ინტერის“ ქომაგებს მიმართა. „ჩელსის“ ახალწვეულმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და „ნერაძურის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

„ძვირფასო, ინტერის ქომაგებო. მადლობა... მადლობა იმისთვის, რომ ისე მიმიღეთ, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი. მადლობა იმისთვის, რომ მე და ჩემი ოჯახი მილანში თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ყოველდღე ვიღებდი. მადლობა იმისთვის, რომ პირველი სეზონის შემდეგ, დამატებითი მოტივაცია მომეცით.

ინტერში გადასვლისთანავე ვიგრძენი, რომ ამ კლუბში თავს კარგად წარმოვაჩენდი. სიყვარული და დახვედრა, რომელიც მალპენსას აეროპორტში მომიწყვეთ, ამ ლამაზი ისტორიის დასაწყისი იყო. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ, როცა ინტერის მაისურს მოვირგებდი, თითოეული თქვენგანი არც ერთხელ დამეღალატებინა. ყველა ვარჯიშსა და თამაშზე 100 პროცენტით ვიხარჯებოდი, რათა ჩემით გეამაყათ.

ჩვენი პირველი სეზონი ურთულესად დასრულდა, მაგრამ თქვენ ძალა მომეცით, რათა წინსვლა გამეგრძელებინა და ეს მთელმა გუნდმა გავაკეთეთ. ჩემპიონები ერთად სწორედ ამიტომ გავხდით. იმედი მაქვს, გესმით ჩელსიში გადასვლის გადაწყვეტილება რატომ მივიღე. ეს არის შანსი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა და ვფიქრობ, კარიერის ამ ეტაპზე, ეს გახლავთ შანსი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. ყოველთვის ინტერისტად დავრჩები, რადგან თქვენ გარეშე არ ვიქნებოდი ის ფეხბურთელი და ადამიანი, რომელიც ახლა ვარ. მთელი გულით უდიდეს მადლობას გიხდით“.

შეგახსენებთმ, რომ ბელგიელმა თავდამსხმელმა „ლურჯებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ჩელსიმ“ მის სანაცვლოდ „ინტერს“ 97.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, რაც „არისტოკრატებისთვის“ სარეკორდო თანხაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები