ფიფა ბარსას დემბელეს ტრავმისთვის კომპენსაციას გადაუხდის
უნგრეთთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უსმან დემბელეს 3-დან 4 თვემდე გაუცდება.
როგორც გუშინ გაირკვა, ფრანგ შემტევს ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. ტრავმის სიმძიმე იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას მოელოდნენ.
ფიფას წესდების თანახმად, ტრავმირებული ფეხბურთელის კლუბმა ფინანსური კომპენსაცია უნდა მიიღოს, როდესაც მოთამაშე სანაკრებო ტურნირისას დაზიანებას მიიღებს.
კლუბი თანხას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ტრავმირებულ ფეხბურთელს 28 დღეზე მეტი გაუცდება. მაქსიმალური თანხა, რომელიც მოთამაშის მფლობელმა გუნდმა უნდა მიიღოს, არის 7.5 მილიონი ევრო.
ყველაფერი ფეხბურთელის რეაბილიტაციაზეა დამოკიდებული. თითოეული გაცდენილი დღისთვის კლუბი ფიფასგან 20 548 ევროს იღებს.
დემბელეს შემთხვევაში, 4 თვის გაცდენისთვის „ბარსელონა“ დაახლოებით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. თუ, ფრანგმა მოედანზე დაბრუნება დააგვიანა, შესაძლოა „ბლაუგრანამ“ კომპენსაციის სახით 7.5 მილიონიც მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ დემბელეს გაყიდვას ან მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა, თუმცა ფეხბურთელი და მისი აგენტი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მოლაპარაკებებს ხელოვნურად აჭიანურებდნენ, თუმცა ამჯერად სიტუაცია 180 გრადუსით შეიცვალა.