ხულიან ალვარესი, დეკუ
Aa
Aa

დეკუ: ჩვენ ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთეთ, უბრალოდ ატლეტიკოს ალვარესის გაშვება არ სურდა

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ, ხულიან ალვარესის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა. ამ ზაფხულს „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა მადრიდული კლუბის დატოვებისა და კატალონიელებთან შეერთების სურვილი გამოთქვა. „როხიბლანკომ“ უარი თქვა არგენტინელის „ლურჯ-ბროწეულისფრებისთვის“ მიყიდვაზე და ისინი ეთიკის ნაკლებობასა და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულეს.

ამ ყველაფერზე დეკუმ საჯაროდ ისაუბრა და კითხვებს პასუხი გასცა.

ალვარესთან დაკავშირებულ სიტუაციაზე:

„ჩვენ სწორად ვიმოქმედეთ. შეთავაზება გავაკეთეთ, მაგრამ პასუხი არ მოჰყოლია. შემდგომში ეს ყველაფერი პრესაში განიხილებოდა. არსი ის არის, რომ მათ მოთამაშის გაყიდვა არ სურდათ. ასეთია რეალობა და ამაზე ჩაციკვლას აზრი არ აქვს. ჩვენ არასდროს გვითხოვია მისთვის, რომ „ატლეტიკოდან წასვლის სურვილის შესახებ განეცხადებინა“.

ატლეტიკოსმხრიდან ბრალდებებზე:

„განსაკუთრებული დასამატებელი არაფერი მაქვს. ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ. მე არ ვარ ჩახედული რაიმე კერძო შეთანხმებების დეტალებში. მახსოვს, როცა თავად მინდოდა „ბარსაში გადასვლა, პინტუ და კოშტამ მთხოვა კიდევ ერთი წლით დავრჩენილიყავი და შემპირდა, რომ მომდევნო სეზონში იქ გამიშვებდა, სადაც მე მოვისურვებდი. და მომდევნო წელს, მიუხედავად იმისა, რომ „პორტუს“ უფრო სარფიანი შეთავაზებები ჰქონდა, მე „ბარსაში“ გადავედი. ხულიანის შემთხვევაში ჩვენ ვცადეთ მოთამაშის დამატება, მაგრამ არ გამოვიდა. სულ ეს არის. ჩვენ არანაირი დასაძრახი ქმედება არ ჩაგვიდენია.“

ხულიანის შეთავაზებაზე:

„ის ისე იყო შედგენილი, რომ გადახდები სამი სეზონის განმავლობაში განხორციელებულიყო და არა ექვსის. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მატეუ ალემანისთან (ატლეტიკოს დირექტორთან), მისთვის ცუდი არასდროს გამიკეთებია. ჩვენ ერთად ვმუშაობდით „ბარსაში“ და არანაირი პრობლემა არ ყოფილა,“

- თქვა დეკუმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები