„ილიამ ფსიქოლოგიურ დონეზე საშინელი შეცდომები დაუშვა“ - ჯასტინ გეიჯი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ დემეტრიუს ჯონსონის პოდკასტში ილია თოფურიასთან ჩხუბი გაიხსენა და განმარტა, რის ხარჯზე შეძლო მან „ელ მატადორის“ დამარცხება.
„ილია თოფურია არასოდეს ცვლის ფეხის რიტმს და ყოველთვის წინ ან უკან მიდის, გვერდზე კი იშვიათად. ამიტომ გეგმა იმაზე იყო აგებული, რომ ეს მოძრაობა შეგვეჩერებინა. როდესაც მეტოქის გადაადგილების წინასწარ განზრახვა ასეთი მარტივია, ეს დიდ უპირატესობას გაძლევს.
ერთადერთი, რაც უნდა გაგვეკეთებინა, მისგან მარჯვნივ უნდა წავსულიყავით. ყველა გაურბის ილიას მარჯვენას და მისგან მარცხნივ მიდის, თუმცა სწორედ ეს გაყენებს მასზე დამოკიდებულ პოზიციაში. პირიქით, მისგან მარჯვნივ მივდიოდი და მთელი ტანით შეტრიალებას ვაიძულებდი და ამავე დროს დისტანციას ვაკონტროლებდი.
მომზადებისას, ფსიქოლოგიურ დონეზე ილიამ საშინელი შეცდომები დაუშვა და ამისთვის დიდი ფასი გადაიხადა. ილია არ იყო მზად ჩხუბისთვის და ვერ წარმოედგინა, რომ ვინმე ამდენი ხანი მასთან ოქტაგონში გაძლებდა. თოფურიას დაავიწყდა, რომ ყველა ბრძოლა ინდივიდუალურია. ის წინა ბრძოლების სცენარის გამეორებას ცდილობდა. ამიტომ მოაწყო მან ისეთივე აღნიშვნები ჩხუბამდე, როგორც წინა ბრძოლებამდე ჰქონდა“.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ბრძოლა ივნისში, თეთრ სახლში გაიმართა. ამერიკელმა მებრძოლმა „ელ მატადორი“ დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.