''საზღვრებიც რომ ჩაიკეტოს, ევროპაში ჩემი მანქანით ჩავიყვან'' - იაროვინსკი ქართველ ტალანტზე
''რუბინის'' ქართველი ტალანტის, 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ისაუბრა. მისი თქმით ფეხბურთელის ტრანსფერი მიმდინარე ზამთარში ნაკლებად სავარაუდოა.
იაროვინსკი: ''ხვიჩა დიდი ტალანტია და თუ ევროპის ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილი იქნება, მას ევროპაში ჩემი მანქანით ჩავიყვან, მან ღირსეულ და დიდ ევროპულ კლუბში უნდა ითამაშოს, თუმცა ტრანსფერი მიმდინარე ზამთარში ნაკლებად სავარაუდოა.
ხვიჩამ თამაში ახლახანს დაიწყო, ლიდერის როლი მოირგო და მასზე ყოველთვის რაღაცაა დამოკიდებული. ფსიქოლოგიურად ამ ყველაფერთან შეჩვევას დრო სჭირდება და როცა მზად იქნება, კარიერის ევროპაში გაგრძელება გაუადვილდება.
მერწმუნეთ, ხვიჩას ერთი ზედმეტი დღით გუნდში არავინ გააჩერებს. როცა საჭირო იქნება, მისი ტრანსფერი შედგება. ბედნიერებაა, როცა გუნდში ასეთი დონის ტალანტი გყავს და მის პროგრესში მონაწილეობ''.
შეგახსენებთ, ''პირველ არხთან'' ინტერვიუში ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ მოთამაშის გადაბირება ''ინტერს'', ''იუვენტუსს'', ''რომას'', ''მილანსა'' და ''დორტმუნდს'' სურთ.
მამუკა ჯუღელის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:''ინტერესი გამოავლინა „ინტერმა“, „იუვენტუსმა“, „რომამ“ და „მილანმა“, „დორტმუნდმაც“. ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ „ნაპოლიც“ გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაც შეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება.
გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ „რუბინს“ მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით დაინტერესებულია და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა „რუბინის“ ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან''.