Aa
Aa

"უკვე ყველაფერი ვთქვი, ლაპარაკს უნდა მოვრჩეთ", - მესიმ გუნდზე ისაუბრა

ლა ლიგის დასკვნით ტურში „ბარსელონამ“ „ალავესი“ სტუმრად 5:0 დაამარცხა და ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. სეტიენის გუნდმა ლამაზად და ლაღად ითამაშა. ტრადიციულად მთავარი მოქმედი პირი იყო ლეო მესი, რომელმაც შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა.

შესრულებული დუბლის შემდეგ, არგენტინელმა ზედიზედ 11 სეზონის განმავლობაში 25 + გოლის გატანა შეძლო. ლეომ ასევე დაამხო ჩავის რეკორდი და საგოლე გადაცემებში ესპანელ მაესტროს გადაუსწრო. „ლა პულგამ“ თანაგუნდელებს ლა ლიგაში 21-ჯერ გაატანინა.

მესიმ ტიერი ანრის მიღწევაც გააუმჯობესა, რომელმაც 2002-03 წლების სეზონში პრემიერლიგაში 24 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. მესიმ კი სეზონი 25 გოლითა და 21 საგოლე გადაცემით დაასრულა.

არგენტინელმა ლა ლიგის ბომბარდირის პიჩიჩის პრიზი კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა. "ლა პულგამ" ტელმო სარას გაასწრო, რომელიც 1945-1953 წლებში საუკეთესო ბომბარდირი 6-ჯერ გახდა.

ლეომ მატჩის შემდეგ პრესასთან საკმაოდ პოზიტიური კომენტარი გააკეთა:

დღეს, ჩვენი გუნდისგან რაღაც განსხვავებული ვიხილეთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, თუ რა გველის წინ ჩემპიონთა ლიგაზე.

„ოსასუნასთან“ მარცხის შემდეგ, დახურულ კარს მიღმა თვითკრიტიკულები ვიყავით. კარგი ჩემპიონატი ვერ ჩავატარეთ. დაუშვებელია, რომ მეტოქეს მოგების სურვილი ჩვენზე მეტად ჰქონდეს.

ის თავდადება და ხასიათი, რომელიც დღეს ვაჩვენეთ, არის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ. უკვე ყველაფერი ვთქვი, ლაპარაკს უნდა მოვრჩეთ და სტაბილურობას მივაღწიოთ.

როგორც სეტიენმა თქვა, 90 წუთის მანძილზე თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგამდე შესვენება გონების განსატვირთათ უნდა გამოვიყენოთ.

როცა ჩვენ თამაშს ვთამაშობთ, დაუმარცხებლები ვართ“.

Cat Radio-ს ცნობით, ლეო მესიმ და კიკე სეტიენმა „ოსასუნასთან“ მარცხის შემდეგ განცალკევებით 30 წუთი ისაუბრეს. წყაროს ცნობით, შეხვედრის ინიციატორი 61 წლის სპეციალისტი იყო. როგორც ჩანს, სეტიენი ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე მთავარი მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებს. შემდეგ ვნახოთ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები