''მილიარდი დახარჯეთ და მოგება ნულია'' - სტოიჩკოვმა ბარსას პოლიტიკა გააკრიტიკა
Aa
Aa

''მილიარდი დახარჯეთ და მოგება ნულია'' - სტოიჩკოვმა ბარსას პოლიტიკა გააკრიტიკა

ბულგარული ფეხბურთის ლეგენდამ და კატალონიის ''ბარსელონას'' ექს-ფორვარდმა ხრისტო სტოიჩკოვმა ესპანურ გრანდში განვითარებული პროცესების შესახებ ისაუბრა.

ხრისტო სტოიჩკოვი, რომელიც კატალონიურ კლუბში 1990-95 და 1996-98 წლებში ასპარეზობდა, ცნობილ ესპანურ გამოცემას, MARCA-ს ესაუბრა.

სტოიჩკოვი: ''ვალვერდე გაუშვით, როცა ''ბარსელონა'' ლა ლიგას ლიდერობდა, თუმცა არ გაუშვით, როცა ''რომასთან'' და ''ლივერპულთან'' დიდი ანგარიშით მარცხდებოდა. ვალვერდემ არც მაშინ დატოვა პოსტი, როცა ესპანეთის თასის ფინალში ''ვალენსიამ'' ''ბარსელონა'' დაამარცხა.

იცით რა არის ყველაზე სამწუხარო? კლუბმა დაახლოებით მილიარდი დახარჯა და სანაცვლოდ არაფერი გამოუმუშავებია, ფინანსური მოგება არ მიუღია. მილიარდი ხომ ერთი ცენტი არაა, ეს ძალიან დიდი თანხაა!

ვალვერდეს გაშვების შემდეგ საშუალო დონის კიკე სეტიენი და მისი ასისტენტი ედერ სარაბია მიიწვიეთ.''

შეგახსენებთ, კატალონიის ''ბარსელონა'' 2019-20 წლების სეზონის ლა ლიგაში მადრიდის ''რეალთან'' კონკურენციაში დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე კიკე სეტიენის ხელში თამაში აღარ უნდათ. წყაროს ცნობით, მთელი გასახდელი პატრიკ კლუივერტის კანდიდატურას უჭერს მხარს.

ეს ინფორმაცია ესპანურ პრესაში მოულოდნელად გავრცელდა, რადგან სეტიენის წასვლა ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თუ მას პოსტს მაინც დაატოვებინებენ, „ბარსას“ დროებითი მწვრთნელის პოსტზე ბე გუნდის თავკაცი გარსია პიმიენტა მოიაზრებოდა.

ესპანური გამოცემა წერს, რომ კლუივერტი კლუბის შიდა სამზარეულოს იდეალურად იცნობს, მას ასევე ესმის, თუ რა აკლია მესის და ძალიან კარგად იცის ფრენკი დე იონგის სათამაშო სტილი, რომელსაც ადრეული ასაკიდანვე იცნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები