გიორგი გოგლიძე - „აკადემია ჩემი ცხოვრების ნაწილია!“
Aa
Aa

გიორგი გოგლიძე - „აკადემია ჩემი ცხოვრების ნაწილია!“

25 წლის გიორგი გოგლიძემ რაგბში პირველი ნაბიჯები დაახლოებით 12 წლის წინ, სამხატვრო აკადემიის კლუბ „აკადემიაში“ გადადგა და დღემდე მისი ერთგულია. ეს ერთგულება მას ორი წლის წინ „დიდი პატივით“ დაუფასდა და ბოლო ორი სეზონია მშობლიური გუნდის კაპიტანია.

ის რაგბით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. თავის ტოლებთან შედარებით ტანით „დიდ ბიჭს“, სპორტის ეს ვაჟკაცური სახეობა ძალიან მოსწონდა, თუმცა თამაში ოდნავ გვიან, 13-14 წლისამ დაიწყო:

რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა რაგბი მეთამაშა და 2007 წელს, როდესაც მსოფლიო თასზე საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების საოცარ მატჩს ვუყურე, გადაწყვეტილება მივიღე! არასდროს დამავიწყდება ის ემოციები, რომელიც მაშინ მქონდა – როგორ ერთ მუშტად შეკრული იბრძოდნენ ჩვენი ნაკრების მორაგბეები გამარჯვების ლელოს გასატანად და მალევე ჩემს მეგობარს, რომელიც რაგბზე ‘აკადემიაში’ დადიოდა ვარჯიშზე გავყევი“ – იხსენებს გიორგი გოგლიძე, რომელმაც ვარჯიში ლევან ობოლაძის ხელმძღვანელობით დაიწყო და დღესაც მისი თავკაცობით, ოღონდ უკვე კაცთა გუნდში თამაშობს.

მაშინ ‘აკადემია’ დღევანდელი ახალი სპორტის სასახლის ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე მოედანზე ვარჯიშობდა და გიორგი იმ პერიოდსაც მოესწრო, როდესაც რაგბს პრაქტიკულად არაფერი ჰქონდა:

როგორიც არ უნდა ყოფილიყო პირობები, მაშინვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ რაგბში ბოლომდე დავრჩებოდი. კარგია, რომ სიტუაცია შეიცვალა და დაახლოებით 2-3 წელიწადში გაჩნდა მოედნები, გასახდელები და საშხაპეები. დღეს ‘აკადემიას’ უკვე საკუთარი სტადიონი და ბაზა აქვს“.

საფრანგეთში წაუგებელი სერიით

გამორჩეული ფიზიკური მონაცემების მორაგბეს მონდომება მალევე დაუფასდა და საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებში მოხვდა, რომელიც საფრანგეთში ორი ტურნირის გასამართად გაემგზავრა და შინ დაუმარცხებელი დაბრუნდა:

ფრანგულმა ტურნემ რაგბი კიდევ უფრო შემაყვარა. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ. ვითამაშეთ ორ ტურნირზე, რომელთაგან ერთ-ერთს არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატს ეძახდნენ, რადგან მასში პლანეტის წამყვანი სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები თამაშობდნენ. ახალი ზელანდიის გუნდსაც კი მოვუგეთ! სულ 18 თამაში ჩავატარეთ და მათგან მხოლოდ ერთი დავასრულეთ ფრედ, დანარჩენებში კი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო. მაშინ პირველად ვნახე როგორი იყო მწვანე მოედანი და როგორ დადიოდა ხალხი რაგბის საყურებლად“.

 პირველი ნაბიჯი ელიტაში

გოგლიძე მალე ჯერ საქართველოს 17 და მერე 18-წლამდე (2012 წელს) ნაკრებში მოხვდა. რაგბი ევროპამ იმ წელს 4-წლიანი ექსპერიმენტი დაიწყო და ნამდვილი 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მოაწყო, რომელშიც ექვსი ერის (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) წარმომადგენლებთან ერთად, ეგრეთწოდებული მეორე ეშელონის ქვეყნებიდან ორი საუკეთესო თამაშობდა.

ქართველმა ახალგაზრდებმა მაშინ პირველად დაანახეს ევროპის წამყვან ქვეყნებს, რომ მათზე ნაკლები არაფრით იყვნენ:

17-წლამდე შესარჩევი ტურნირი რუმინეთში მარტივად მოვიგეთ და მომდევნო წელს გავემგზავრეთ ევროპის ჩემპიონატზე. პირველი შეხვედრა ინგლისთან გვქონდა, ვისთან სათამაშოდ გასვლაც კი, ცოტა ხნის წინ შეუძლებლად მიგვაჩნდა. მეორე თამაშს უკვე სხვა განწყობით შევხვდით. მეტოქე იტალიის ნაკრები იყო და მე ის შეხვედრა ვერ დავასრულე, რადგან თვალის ტრავმა მივიღე. იყო წითელი ბარათიც, მოტეხილობაც და საბოლოოდ მოედანზე 12-ნი დავრჩით, თუმცა ბოლო წუთზე გამარჯვების ლელო მაინც გავიტანეთ და მოვიგეთ!“ – იხსენებს გოგლიძე, რომელმაც გამარჯვების შესახებ საავადმყოფოში შეიტყო:

მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გამაქანეს და ოპერაცია გამიკეთეს. სწორედ ოპერაციის დასრულების შემდეგ გავიგე, რომ იტალია დავამარცხეთ და ისეთი ბედნიერი ვიყავი, ტკივილი აღარ მახსოვდა. ამ მოგებამ დაგვანახა, რომ მსგავს გუნდებთან თამაში შეგვეძლო და ბოლო შეხვედრა ბიჭებმა ძალიან მაგრად ჩაატარეს, თუმცა შოტლანდიის ძლევამდე სულ ცოტა დააკლდათ. რაც მთავარია, მაშინ უძლიერესებს შორის დავრჩით და ამ გამოცდილებამ მომავალში 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში იჩინა თავი“

ბიჭები მუდამ ზურგს მიმაგრებენ“

‘აკადემიამ’ მიმდინარე სეზონის განვლილი ნაწილი წინა წლებზე უკეთ ჩაატარა, 14 თამაშიდან 8 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 38 ქულით მე-5 ადგილზეა. ის ლიდერებს 10 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს და ფლეი ოფში თამაშიც პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა.

გოგლიძე ფიქრობს, რომ გუნდის წარმატების საწინდარი მეგობრული ატმოსფეროა:

აკადემიაში მისვლის დღიდან მივხვდი, რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. აქ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და იმ პერიოდიდან კაცთა გუნდში ახლა 4-5 მოთამაშე ვართ. ‘აკადემია’ ჩემთვის ფაქტობრივად ყველაფერია და სხვა გუნდში თამაში ვერც წარმომიდგენია“.

გუნდი დიდი ფინანსური შესაძლებლობებით არ გამოირჩევა და შეძლებული კლუბები პრაქტიკულად ყოველ წელს გვართმევენ მოთამაშეებს, შევსებას კი ჩვენი კლუბის აღზრდილებიდან ვიღებთ. ეს კლუბის ხელმძღვანელობის დამსახურებაა, რადგან მათ შეძლეს სისტემის აწყობა, მეგობრული ატმოსფეროს შექმნა. წინა წლებში დიდ 10-ში დასარჩენად ვიბრძოდით, თუმცა წელს კარგი სეზონი გვქონდა, ფლეი ოფში პრაქტიკულად გასულები ვიყავით და დიდი მიზნები გვქონდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამაში ხელი ვირუსმა შეგვიშალა და მომავალში რა იქნება არავინ იცის“.

გიორგი, რომელსაც კლუბისადმი ერთგულება დაუფასდა და აგერ უკვე მეორე წელია გუნდის კაპიტანი, ფორმის შესანარჩუნებლად სხვა დანარჩენებივით სახლის პირობებში ვარჯიშობს და მოედანზე დაბრუნებას ელოდება:

ბიჭებს ჯგუფი გვაქვს შექმნილი, სადაც ერთმანეთს ვამხნევებთ და ვარჯიშებს ვუზიარებთ. მე ამ გუნდის კაპიტანი ვარ, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, თუმცა როდესაც ზურგს უკან ჩემი მეგობრების მხარდაჭერას ვგრძნობ, ყველაფერი იოლდება. მადლობელი ვარ მთავარი მწვრთნელის, ლევან ობოლაძის, რომელიც ბავშვობიდან მიცნობს და ასეთი ნდობა გამომიცხადა“.

 მასალა მოამზადა - რაგბის კავშირმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები