ბიორნ იონსენი, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

7-გოლიანი თრილერი! ტორპედომ ორდაბასი 94-ე წუთზე დაამარცხა

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი წრის მატჩი გამართა ქუთაისის „ტორპედომ“, რომელმაც ყაზახურ „ორდაბასს“ უმასპინძლა და საოცრად დრამატულ ბრძოლაში 4:3 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში 4 გოლი გავიდა. „ტორპედომ“ თამაში აქტიურად დაიწყო და 30-ე წუთზე კონტრშეტევის შემდეგ ბიორნ იონსენმა ანგარიში გახსნა, რასაც სტუმრებმა 5-წუთიან მონაკვეთში ორი გოლით უპასუხეს და წინ გავიდნენ, მეორე გოლის ავტორი  ქართველი ლეგიონერი ლუკა იმნაძე გახდა. საბოლოოდ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კუთხურის შემდეგ, ქუთაისელთა დებიუტანტმა მატეი სიმიჩმა წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. „ორდაბასმა“ წინ გასვლა კვლავ შეძლო. დუბლის ავტორი გახდა მიჰაი კაპატინა, თუმცა სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და ბიორნ იონსენმა ასევე დუბლით უპასუხა. აღსანიშნავია, რომ გოლი ამ შემთხვევაშიც მარჯვენა ფლანგიდან გააზრებული იერიშის შედეგად გავიდა.

ამის შემდეგ ქუთაისური კლუბი სრულ უპირატესობას დაეუფლა და მეოთხე გოლის გასატანად სამი მომენტი მალევე შექმნა, მაგრამ სამივე შემთხვევაში იღბალმა უმტყუნათ.

მატჩის კულმინაცია არბიტრის მიერ კომპენსირებულ 4 წუთში იყო. 94-ე წუთზე სიმიჩმა კვლავ კუთხურიდან დასწრებაზე კარგად ითამაშა და თავურით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა!

იყო შეცდომები, ბევრი რამ დასალაგებელია, მაგრამ „ტორპედომ“ დღეს ძალიან მოინდომა, იბრძოლა, შეუტია და დრამატული, ლამაზი გამარჯვება მოიპოვა. ზუსტად ერთ კვირაში, 17 ივლისს (20:00) ყველაფერი ყაზახეთში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები