გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„კაპიტან ამერიკას 100 წუთი გაუჩერებლად სირბილი შეუძლია, ამას ნახავთ“

ლისაბონის „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილი და სხვა ახალწვეულებიც წარადგინა. ქართველი ნახევარმცველის მიმართ გამორჩეული ინტერესია. პორტუგალიური პრესა „ქოჩორას“ შესახებ აქტიურად წერს.

ამჯერად, ადგილობრივმა გამოცემამ Zerozero-მ ქოჩორაშვილის ყოფილი გუნდელი, ბრაზილიელი ფორვარდი ფაბრი ჩაწერა, რომელმაც ქართველი შუახაზელი დაახასიათა.

ფაბრი ქოჩორაშვილთან ერთად „კასტელონსა“ და „ლევანტეში“ თამაშობდა.

„ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა მოედანს სცდება. ჩვენი მეორე ნახევრებიც კარგად უგებენ ერთმანეთს. გიორგი განსაკუთრებული ფეხბურთელი და პიროვნებაა. ის გამუდმებით ცდილობს სხვებს დაეხმაროს. ეს ყველაფერი მე საკუთარ თავზე გამოვცადე, როცა ესპანეთში ახალჩასული ვიყავი ადაპტაციაში ყველაზე მეტად ქოჩორა დამეხმარა, მოედანზე და მის მიღმაც.

გიორგი ყოველთვის 100%-ით იხარჯება. ფეხბურთით ცხოვრობს. მე ხშირად ვურჩევდი, რომ თავისი თავისთვის ცოტა მეტი დრო დაეთმო და დაესვენა.

მისი მომზადების გეგმა უნიკალურია, ყველაფერს აკეთებს: მედიტაციას მიმართავს, დამატებით ვარჯიშობს. ვფიქრობ, მას სპორტინგში ყველაფერი გამოუვა. მისი მსგავსი ფეხბურთელის ყოლა ნებისმიერი გუნდისთვის საოცნებოა. თქვენ ყველანი იხილავთ, როგორ შეუძლია მას 100 წუთი შეუჩერებლად სირბილი. ბევრჯერ მითქვამს, რომ მეც მინდოდა მის მსგავსად სირბილი შემძლებოდა, მისი მსგავსი ფიზმომზადება მქონოდა.

ენობრივი ბარიერის პრობლემა მას არ შეექმნება. მისი მეუღლე ბრაზილიელია ისევე როგორც ჩემი. და ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა. საქმისადმი მისი პროფესიონალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, გიორგი ყველაფერს შეძლებს“.

- ამბობს ფაბრი.

აქვე გეტყვით, რომ „სპორტინგი“ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 2 აგვისტოს, პორტუგალიის სუპერ თასზე „ბენფიკას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები