14 ქართველი „მსოფლიო რაგბის“ ვირტუალურ აკადემიაში
Aa
Aa

14 ქართველი „მსოფლიო რაგბის“ ვირტუალურ აკადემიაში

11 მაისიდან „მსოფლიო რაგბის“ მაღალი მიღწევების ვირტუალური აკადემია ამუშავდა. მასში ეგრეთწოდებული მეორე ეშელონის 17 ქვეყანა ჩაერთო.

ვებინარები 7 მიმართულებით გაიმართება და ისინი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ონლაინ-სემინარები ჯერ მხოლოდ ნაკრების მწვრთნელებისთვის დაიწყო, დანარჩენი მიმართულებები კი მასში 1 ივნისამდე ჩაერთვებიან.

მსმენელებს ვიდეო-კონფერენცია 2 კვირაში ერთხელ ექნებათ, ჩართვიდან ჩართვამდე კი სპეციალურ დავალებებს შეასრულებენ. პირვანდელი ინფორმაციით, თითო ქვეყანა თითო მიმართულებით მხოლოდ ერთი სპეციალისტით იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ საქართველოს ვირტუალურ აკადემიაში ყველა მიმართულებით 2-2 მსმენელი ეყოლება.

ტექნიკურად შესაძლებელი იყო და ძალიან კარგია, რომ ყველა მიმართულებით ორ-ორი სპეციალისტი გვეყოლება წარდგენილი. ეს ჩვენი თხოვნაც იყო და მოთხოვნაც, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ. საშუალება რომ ყოფილიყო, უკან არ დავიხევდით და მსოფლიო რაგბის სემინარებში უფრო მეტ ადამიანს ჩავრთავდით“ – აღნიშნა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და დაამატა:

„ახლა არასტანდარტულ სიტუაციაში ვიმყოფებით, სავარჯიშო პროცესი მთელს მსოფლიოში შეჩერებულია, ეს სემინარები პროცესის აღდგენის შემდეგ ფორმის სწრაფად დაბრუნებაში უნდა დაგვეხმაროს. გარდა ამისა, ესაა ერთგვარი სოლიდარობის გზავნილი, რომ ერთი ოჯახი ვართ და ვალდებულები ვართ ერთმანეთს დავეხმაროთ. ვირტუალური აკადემია შესაძლოა მომავალშიც აღმოჩნდეს იაფი ფორმა სემინარების ჩატარებისა და ერთგვარი ფორმა მსოფლიო რაგბთან ურთიერთობაში. სარაგბო ქვეყნებს შორის სხვაობა უნდა შემცირდეს და განათლება ამ კუთხით მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯია. ამისათვის აუცილებელია, რომ მეტი მაღალი დონის საერთაშორისო თამაში ჩავატაროთ“.

საქართველოდან „მსოფლიო რაგბის“ ონლაინ-სემინარებში ჩართული იქნებიან: მთავარი მწვრთნელები – ლევან მაისაშვილი და ილია მაისურაძე; ფიზ.მომზადება – ირაკლი ჭყონია და დავით ნემსაძე; მსაჯები – ლუკა კილასონია და ნიკა ამაშუკელი; ვიდეო ანალიზი – დავით რამიშვილი და ლაშა მჭედლიშვილი; მაღალი მიღწევების მენეჯერები – ვასილ აბაშიძე და სიმონ მაისურაძე; გუნდის მენეჯერები – ირაკლი ხუნდაძე და ლექსო იორდანიშვილი; ოპერაციები და ტურნირების მენეჯმენტი – ლექსო გუგავა და შალვა ხაბულიანი.

რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე ამბობს, რომ ყველა მიმართულებით, სემინარებს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები ჩაატარებენ, რაც ამ პროექტის მნიშვნელობაზე მეტყველებს:

მსოფლიო რაგბმა ტიერ2-ის ქვეყნების მენეჯმენტის განვითარების ახალი პოლიტიკა ორი წლის წინ დაიწყო, რათა მოხდეს შესაბამისი სპეციალისტების გადამზადება და სწორი აქცენტების გაკეთება. ჩვენის მხრიდან ყველანი მოტივირებულები ვართ და როგორც ჩანს, „მსოფლიო რაგბი“ ამ პროექტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სემინარებს უმაღლესი დონის მწვრთნელები და სპეციალისტები ატარებენ, რომელთაც წლები აქვთ ნამუშევარი, ან ახლაც მუშაობენ ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, ინგლისის და სხვა წამყვანი ქვეყნების ნაკრებებში“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე დაახლოებით ერთი თვეა ეწყობა ონლაინ-სემინარები, რასთან დაკავშირებითაც გოჩა სვანიძე ამბობს:

ეს იდეა ჩვენ თავიდანვე ავიტაცეთ და უკვე დაწყებული გვაქვს შიდა სემინარები. ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებში მომუშავე მწვრთნელები და სპეციალისტები, მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და ეს პროცესი აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები