პსჟ-მა ქულები დაკარგა - კვარა გოლთან ახლოს იყო
„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის VIII ტურში საკუთარ სტადიონზე „სტრასბურგს“ უმასპინძლა და ფრედ 3:3 ითამაშა. მატჩის სცენარი ბევრჯერ შეიცვალა, თავდაპირველად მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები სულაც ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ, თუმცა საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს, რაც სრულიად სამართლიანი შედეგია.
მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, „სტრასბურგის“ სახით ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან უწევდა შეხვედრა, „პარი სენ-ჟერმენის“ დამრიგებელმა ლუის ენრიკემ გუნდის ლიდერებს ტრავმების თავიდან არიდების მიზნით დასვენების საშუალება მისცა. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელია, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში და ვიტინია, რომელთაც სანაკრებო მატჩები ჩააატარეს, თადარიგში დარჩნენ. ფრანგი შემტევები ბრედლი ბარკოლა და დეზირე დუე კი, რომლებიც შედარებით დასვენებულები იყვნენ, სასტარტოში მოხვდნენ.
პარიზელებმა აქტიურად დაიწყეს და თავიდანვე დაწინაურდნენ - ბრედლი ბარკოლასა და დეზირე დუეს მიერ გათამაშებული ბრწყინვალე კომბინაცია პირველმა მათგანმა მე-6 წუთზე გოლით დაასრულა. გაშვებული ბურთის შემდეგ სტუმრები მაშინვე გამოცოცხლდნენ და 26-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს - ულამაზესი დარტყმით თავი არგენტინელმა ხოაკინ პანიჩელიმ გამოიჩინა, რომელსაც ასისტენტობა დეზირეს ძმამ, გელა დუემ გაუწია. ძალიან მალე კი დიეგო მორეირამ სტრასბურგელები სულაც დააწინაურა და ეს გოლიც არანაკლებ ეფექტური გამოდგა.
მეორე ნახევარი პირველი ტაიმის გმირების მიერ შექმნილი კიდევ ერთი გმირობით დაიწყო - მორეირას პასით პანიჩელიმ დუბლი შეასრულა და დედაქალაქელები მარცხის რეალური საშიშროების წინაშე დადგნენ. თუმცა, ამ გოლიდან ზუსტად 9 წუთში გონსალუ რამუშმა დუეს მოპოვებული პენალტი გამოიყენა. ენრიკემ თამაშის გადასარჩენად სამმაგ ცვლილებას მიმართა და ერთ-ერთი ვინც შეხვედრაში ჩაერთო, კვარაცხელია გახლდათ. ხვიჩამ ვერა, მაგრამ სენი მაილუმ 79-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ჩვეულად აქტიურად ვერ ჩაერთო, თუმცა რამდენჯერმე გატანა სცადა, განსაკუთრებით ახლოს გოლთან კი კომპენსირებულ დროში იყო, როდესაც მისი არცთუ ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია. საერთო ჯამში პსჟ-ის ქართველმა ვარსკვლავმა კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, 23-დან 19 ზუსტი პასი გააკეთა, ბურთს 30-ჯერ შეეხო და დრიბლინგის ერთადერთი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.
რვა ტურში დაგროვებული 17 ქულით დედაქალაქელები ლიდერობას ინარჩუნებენ, თუმცა კონკურენტებს მათთან შედარებით მატჩები მარაგში აქვთ. მომდევნო შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენი“ სამშაბათს, 21 ოქტომბერს გამართავს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის III ტურში სტუმრად „ლევერკუზენს“ შეხვდება - ეს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ლიგა 1-ის შემდეგ ტურში კი, ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 25 ოქტომბერს, ასევე სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს.