„სანაკრებო პაუზის შემდეგ სიფრთხილეა საჭირო“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ — 3:3 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.
„სტრასბურგი ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მატჩის დაწყებამდე ვიცოდით, რა რთული შეხვედრა გველოდა, თუმცა უპირატესობა ჩვენ გვქონდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია — ფეხბურთელთა სათამაშო დრო უნდა გადაანაწილო, და დღევანდელ მატჩში ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო
23 წუთში გაშვებულ სამ გოლზე: „ეს მეტოქის ხარისხის შედეგი იყო. პირველი ტაიმი მშვენივრად დავიწყეთ და ვაჩვენეთ, რა კარგი გუნდი ვართ — როგორც ბურთით, ისე მის გარეშე. თუმცა ნახევრის ბოლო წუთებზე სიტუაცია გაუარესდა და პრობლემები შეგვექმნა.
მეორე ტაიმში ინტენსიურობის დონე შევცვალეთ და ბევრად უკეთ ვთამაშობდით. მართალია, კიდევ ერთი გოლი გავუშვით, მაგრამ ვფიქრობ, პოზიტიური მატჩი იყო — თამაშში დავბრუნდით, რაც მარტივი არასდროსაა. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. გულშემატკივრობა საოცარი იყო, ჩვენი ქომაგები უფრო მეტს იმსახურებენ.
მატჩის ბოლოს უკეთესი გუნდი ვიყავით და გამარჯვების გოლის გატანა შეგვეძლო. სტრასბურგსაც ჰქონდა შანსები, ასე რომ, საბოლოო ჯამში დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ვულოცავ სტრასბურგს და მის მთავარ მწვრთნელს — მას ძალიან ახალგაზრდა და ხარისხიანი გუნდი ჰყავს.“
ლიგა 1-ის კონკურენტუნარიანობაზე: „ვნახოთ, მომავალში რა მოხდება. ვეცდებით, ყველა ტურნირში კონკურენტუნარიანები ვიყოთ — ეს ჩვენი მიზანია. გამოცდილებით ზუსტად ვიცი, რომელი თვეა გადამწყვეტი. ჩვენი ამოცანაა, გადამწყვეტ ფაზაში ყველა ტურნირის მოგების შანსი გვქონდეს. რთული იქნება, მაგრამ ამ სეზონში ყველა დაბრკოლება უნდა გადავლახოთ.“
ცნობისთვის, კვარაცხელიამ თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. „კვარამ“ რამდენჯერმე გატანა სცადა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლთანაც ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია.