„აქამდე 6 ასისტი მაინც ექნებოდა“ - სლოტმა ვირცი დაიცვა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ლევერკუზენიდან“ სარეკორდო თანხად, 116 მილიონ ფუნტად დამატებული ფლორიან ვირცი „ლივერპულში“ ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს აშკარად ვერ ამართლებს და 10 შეხვედრაში მის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა. რით არის 22 წლის გერმანელი შემტევი ნახევარმცველის სუსტი ასპარეზობა განპირობებული, ამის შესახებ შეკითხვა „მანჩესტერთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მერსისაიდელთა ნიდერლანდელ დამრიგებელს არნე სლოტს დაუსვეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„როდესაც ამა თუ იმ ფეხბურთელს ასეთ ფასად ყიდულობენ, ყველა ყურადღებას მის მიერ გატანილი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობას აქცევს. მე კი თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ამ მხრივ ვირცს აშკარად არ უმართლებს.
ამის ნათელი მაგალითი „ჩელსისთან“ გამართული მატჩია, სადაც ფლორიანმა შემოსვლიდან ერთ წუთში მოჰამედ სალაჰს ისეთი გადაცემა გაუკეთა, რომ ეგვიპტელი 100-დან 99 შემთხვევაში გოლს გაიტანდა, თუმცა ამჯერად ეს ვერ შეძლო. ასევე გავიხსენებ „ატლეტიკოსთან“ თამაშს, როდესაც გერმანელის არაჩვეულებრივი პასის შემდეგ სალაჰის დარტყმა ძელმა მოიგერია“.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის VIII ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპული“ ხვალ „ენფილდ როუდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს და მასპინძლების კარს ქართველი გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.