Daily Mail - ტაისონ ფიურის კარიერა საფრთხეშია
Aa
Aa

Daily Mail - ტაისონ ფიურის კარიერა საფრთხეშია

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელის, ტაისონ ფიურის კარიერა საფრთხეშია. საქმე 2015 წელს მომხდარ ინციდენტს ეხება, როცა ფიურიმ დოპინგ-ტესტი ჩააგდო და მისი გუნდის წევრი ერთ-ერთ ფერმერს ტყუილი ჩვენებისა და დახმარების სანაცვლოდ, 25000 ფუნტს დაჰპირდა.

Daily Mail-ის ცნობით, 2015 წლის თებერვალში ტაისონ და ჰიუ ფიურებს სისხლში აკრძალული პრეპარატი, სტეროიდი სახელად ნანდროლონი აღმოუჩინეს. მაშინ ტაისონ და ჰიუ ფიურიმ დოპინგის მიღება კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ სტეროიდი მათ ორგანიზმში ან დაუკოდავი ტახის ხორცის მიღების შედეგად მოხვდა (მთავარი არგუმენტი სწორედ ეს იყო და დაცვის მხარე ამაზე რეგულარულად აპელირებდა), ან ყველაფერი დიეტურ დანამატებს უკავშირდება.

გაერთიანებული სამეფოს ანტი-დოპინგურ სააგენტოსთან საუბრისას ტაისონ და ჰიუ ფიურებმა აღნიშნეს, რომ სტეროიდი განზრახ არ მიუღიათ, თუმცა ლანკაშაირელი ფერმერის, მარტინ კეარფუტის განცხადებამ კითხვის ნიშნები გააჩინა. ამ უკანასკნელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას ფიურების ოჯახი ტახის ხორცით არასდროს მოუმარაგებია, სთხოვეს, რომ ტყუილი ეთქვა და დახმარების სანაცვლოდ 25 000 ფუნტს დაჰპირდნენ, რომელიც დღემდე არ მიუღია.

ფერმერი ასევე აცხადებს, რომ მან ორ ჩვენებას მოაწერა ხელი, რომლებშიც დაადასტურა, რომ ფიურის გუნდი ტახის ხორცით მოამარაგა. მოგვიანებით ადვოკატებმა ეს ჩვენებები გაერთიანებული სამეფოს ანტი-დოპინგურ სააგენტოს გადაუგზავნეს.

"ტახი არასდროს მყოლია. ტახი არასდროს მომიკლავს. მათი გეგმის მიხედვით ვმოქმედებდი და მითხრეს, რომ სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მივიღებდი. ტყუილებით დავიღალე. საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს," - აცხადებს კეარფუტი.

Daily Mail-ის ცნობით, ფიურის მთავარი არგუმენტი სწორედ ტახის ხორცზე გახლდათ დაფუძნებული, რაც მდგომარეობას ართულებს. თუ ფერმერის სიტყვები სიმართლეა, მაშინ გამოდის, რომ ფიურიმ გაერთიანებული სამეფოს ანტი-დოპინგური სააგენტო შეცდომაში განზრახ შეიყვანა.

აღსანიშნავია ისიც, ფიურიმ მსუბუქი სასჯელი მიიღო. მის წინააღმდეგ ორი ბრალდება გახლდათ წაყენებული და იყო შანსი თითოეულისთვის დისკვალიფიკაცია 4-წლიანი ყოფილიყო. მოკრივეებს კომენტარები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა ფიურის პრომოუტერმა, ფრენკ უორენმა ფერმერის განცხადებას სრული სისულელე უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები