„სანიოლი თავად უკეთ მიხვდება, როდის უნდა წავიდეს“ - ინტერვიუ დავით კვირკველიასთან
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშება ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდთან განცდილი საშინაო მარცხით დაიწყო, რის გამოც მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის მიმართ გულშემატკივართა კრიტიკის ტალღამ კიდევ უფრო იმატა. ეს გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ, რადგან მარცხთან ერთად, ქართველი ფეხბურთელების თამაშის ხარისხიც იდეალურისგან ძალიან შორს იყო. ამოწურა თუ არა ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებში საკუთარი თავი და როგორ ესახება ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მომავალი ერთა ლიგის ამ გათამაშებაში, ამის თაობაზე Crystalsport-თან ინტერვიუში ვეტერანმა ფეხბურთელმა დავით კვირკველიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ზოგადად საქართველოს ნაკრებმა 2024 წელს ისეთ შედეგს მიაღწია, რომ ყველა ჩვენგანი სულ მოგებას ველოდებით, თუმცა ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში დომინანტები ვიყავით და ჩვენი ბიჭები გააკეთებენ იმაზე მეტს მომდევნო თამაშებში, ვიდრე გუშინ გააკეთეს. მესმის წავაგეთ, არ იყო კარგი, მაგრამ ერთი მომენტის ხარჯზე მოიგო მოწინააღმდეგემ - ასეთი უიღბლობის გამო კი მხოლოდ ჩვენ კი არა, გრანდებსაც წაუგიათ.
ვილი სანიოლი თვითონ მიხვდება, როდის მოვიდა წასვლის დრო. კარგი წავიდა თავისი ნებით, შემდეგ ახალი რომ მოვიდეს პეპ გუარდიოლა და იურგენ კლოპი რა უნდა შეიცვალოს? ემოციები მოჭარბებული გვაქვს, მაგრამ დამიჯერეთ სანიოლი თავის დონეს კიდევ დაამტკიცებს და მას ჯერ კიდევ აქვს ის ენერგია, რომელიც გუნდს შეუძლია მისცეს.
ხვიჩა კვარაცხელია არის ლეგენდა საქართველოსთვის და მან რომ დაარტყა 11-მეტრიანი და გიორგი მიქაუტაძემ არა, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს ყველაფერი წყდება თამაშამდე და ვინც არის დაწერილი, რომ პენალტს დაარტყამს, ის ასრულებს. ვინმე არის დარწმუნებული რომ მიქაუტაძე აუცილებლად გაიტანდა? ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
ამ თამაშის წაგება საქართველოს ნაკრებისთვის უფრო მეტი მოტივაციის მიმცემი იქნება. ჩვენ ისეთი გუნდი გვყავს, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი. წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ სიურპრიზების შეთავაზება ყოველთვის შეგვიძლია ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის“.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი 28 სექტემბერს უკრაინელებს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს, რის შემდეგაც სტუმრად ზედიზედ ორ შეხვედრას გამართავს - 2 ოქტომბერს ბუდაპეშტში ქართველი ფეხბურთელების მეტოქე უნგრეთის, ხოლო 5 ოქტომბერს ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები იქნება.