მარიამ ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა
Aa
Aa

მარიამ ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა

მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ქალთა 80 000-იანი საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა.

21 წლის ბოლქვაძემ ტურნირის პირველ და მეორე რაუნდში დამაჯერებლად იმარჯვა, დღეს კი ჩინელ ვან სინუისთან მეოთხედფინალური მატჩი გამართა.

შეხვედრის პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით კი - ტაიბრეიკი, რომელზეც ბოლქვაძეს უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწია და პარტია თავის სასარგებლოდ, მე-4 სეტ-პოინტით, 10:8-ზე დახურა.

მეორე სეტში საქმე გაცილებით მარტივად წავიდა, მარიამმა მე-3 გეიმში ბრეიკ-პოინტები მოიგერია, რის შემდეგაც ინიციატივას სრულად დაეუფლა და თამაში 2 სეტში დაასრულა - 7:6; 6:2.

ქართველმა 1 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 40-დან 29 (73%), ხოლო მეორეზე 26-დან 14 (54%) ქულა მოიგო, საკუთარი ჩაწოდება 2-ჯერ დაკარგა, თავად კი 4 ბრეიკი შეასრულა. 

მე-3 ნომრად განთესილი მარიამი ტურნირის 1/2 ფინალურ შეხვედრას ხვალ ჩაატარებს და მე-7 ნომრად განთესილ ნატალია კოსტიჩს დაუპირისპირდება. ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგის 225-ე ადგილზეა, კოსტიჩი კი მსოფლიოს 250-ე ჩოგანია.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის წინა წლის ჩემპიონი ეკატერინე გორგოძეა, რომელიც წლევანდელ გათამაშებაზე არ მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები