„მსუბუქ წონაში ისლამის რეკორდს დავამხობ“ - ცარუკიანის გეგმები
არმან ცარუკიანს ჯერჯერობით MMA-ს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია UFC-ში ღირებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ამბიციების სიჭარბეს არასოდეს უჩიოდა და როგორც ჩანს, ახლა განსაკუთრებით სწამს საკუთარი შესაძლებლობების და თავის საბრძოლო თვისებებს ბევრის აზრით გადაჭარბებულად აფასებს. ამ მხრივ გულშემატკივრების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია და სომეხი მებრძოლის მიმართ ირონიული დამოკიდებულება გაზარდა მისმა პასუხმა შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ერთი დივიზიონით ზემოთ ასვლას და ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებას.
არმან ცარუკიანი
მახაჩევთან დაპირისპირება? არა, რადგან ჯერჯერობით მსურს მსუბუქ წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი ხუთჯერ დავიცვა და ისლამის მიერ დამყარებული ოთხდაცვიანი რეკორდი გავაუმჯობესო. ამას როდესაც გავაკეთებ, ან კარიერას დავასრულებ, ან ქვესაშუალო წონაში ავალ. რაც შეეხება ჩემს უახლოეს მოწინააღმდეგეს, რუფი საოცარი სტრაიკერი და არასტანდარტული მებრძოლია, რომელსაც დარტყმის განხორციელება ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია. ჩემი მიზანი იქნება საწყის რაუნდებში ის ჭიდაობით დავღალო და მესამე რაუნდში გრეპლინგისა და სტრაიკინგის მიქსით, საკონტროლო გასროლა განვახორციელო.
ცნობისათვის, ისლამ მახაჩევი და არმან ცარუკიანი აქამდე უკვე შეხვდნენ და 2019 წელს დაღესტნელმა სომეხი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მათი რემატჩი და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი 2025 წლის იანვარში იგეგმებოდა, თუმცა არმანმა წონა ვერ ჩააბარა და ბრძოლაზე უარი ტრავმის მომიზეზებით თქვა.