„მარტივი ნაბიჯი არ ყოფილა“ | გუჯეჯიანმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გუჯეჯიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და წასვლა დაადასტურა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია. ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ვიგრძენი, რომ იმ საქმისადმი, რომელსაც წლების განმავლობაში სრული პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ვემსახურებოდი, საჭირო მოტივაცია აღარ მაქვს.
მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ ძიუდოისტს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი. ერთად გადავიტანეთ გამარჯვების სიხარული და მარცხის სიმძიმე, ერთად მოვიპოვეთ მედლები და არაერთხელ ავაფრიალეთ საქართველოს დროშა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ტატამებზე.
ეს მოგონებები და მიღწევები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იქნება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ვგრძნობდით. სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე მომავალში, ყოველთვის დავრჩები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად!
ცხოვრებაში ყველა დასასრულს ახალი დასაწყისი მოჰყვება. დღეს ვასრულებ ჩემს საქმიანობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ მექნება შესაძლებლობა, ქართული ძიუდოს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო,“ — დაწერა გუჯეჯიანმა.
ცნობისთვის, ლაშა გუჯეჯიანმა სამწვრთნელო კარიერა 2019 წლიდან დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით განსაკუთრებული წარმატება აჩვენა: ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
2025 წელს, ბუდაპეშტში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ლაშა გუჯეჯიანის მწვრთნელობით, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ისტორიული წარმატება მოიპოვა. ნაკრებმა გაიმარჯვა გუნდურ შეჯიბრებაში და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ინდივიდუალურ კატეგორიებში ქართველმა ძიუდოისტებმა რამდენიმე მედალი მოიპოვეს, მათ შორის, ეთერ ლიპარტელიანმა — ოქრო.